4. კვალიფიციური, უწყვეტი იურიდიული განათლება და პროფესიის განვითარება ბეჭდვა ელფოსტა

 

სამართლებრივ სფეროში არსებულ პრობლემებს ისიც განაპირობებს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური და მაღალპროფესიული ეთიკის მქონე კადრების დეფიციტია. საია იურისტთა კავშირია და ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად ეფუძნება პროფესიული კადრების მომზადებას.

სამწუხაროდ, არსებულ სასწავლებლებსა და სასწავლო გარემოში ვერ ხერხდება შესაბამისი ხარისხის განათლების უზრუნველყოფა, თუმცა, განათლების მიმდინარე რეფორმა უკეთესი პირობების შექმნის იმედს იძლევა.

ჩვენ სტრატეგიული მნიშვნელობის საქმედ მივიჩნევთ უმაღლესი იურიდიული და პროფესიული განათლების სტანდარტების განვითარებას და ამ მიმართულებით აქტიურ საქმიანობას გავაგრძელებთ. საიაში მოქმედი იურიდიული განათლების ცენტრის საქმიანობა არაფორმალური განათლების კატეგორიას ეკუთვნის და ძირითადად მიმართულია სტუდენტებზე.

ფორმალური საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებისათვის ბევრი ფაქტორის დაძლევაა საჭირო, როგორიცაა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა, იურიდიული ბიბლიოთეკის შემდგომი გაუმჯობესება, საგამომცემლო საქმიანობის სისტემიზაცია (კატალოგების შექმნა), საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ პროფესიული რესურსის შენარჩუნება და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ემსახურებოდა ახალგაზრდა იურისტების უწყვეტ იურიდიულ განათლებას.იურისტთა დაბალ პროფესიულ განვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ განათლების ხარისხი, არამედ პროფესიის ეთიკური ნორმების არაადეკვატური გააზრება. როგორც პროფესიული გაერთიანება, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ პროფესიული ეთიკის ნორმების სრულყოფის საქმეში.

იურიდიული განათლების სრულყოფისათვის გამოვლენილი სტრატეგიული ქვეამოცანები: 

1. უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებისა და დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა  

შედეგები და ინდიკატორები

იურიდიული განათლების კანონის შემუშავებაში მონაწილეობა;
უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა;
ეფექტური საკანონმდებლო ბაზისა და თანამედროვე სტანდარტების შემუშავების მიზნით, უმაღლესი განათლების, მათ შორის იურიდიული განათლების, შესახებ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის ანალიზის მომზადება.
სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის ანალიზის პუბლიკაცია.