სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

28 აპრილს ამერიკის იურისტთა ასოციაციამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მოწვეული იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების თანამშრომლები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა მათ საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი და მეორე მოსმენით მიღებული სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები წარუდგინეს.

2006-04-27 20:00 სრულად ნახვა

ციხეში მომხდარი ”ბუნტიდან” ერთი თვე გავიდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დღემდე არ ხდება სასჯელაღსრულების მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ე.წ. ”ბუნტის” ობიექტური გამოძიება. 27 აპრილს ზუსტად ერთი თვე გადის სასჯელაღსრულების მეხუთე საპყრობილეში მომხდარი ე.წ. ”ბუნტის” შემდეგ, რომელსაც პატიმრების სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსანთაგან არავინ დასჯილა, არ დამდგარა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.  თანამდებობა არ დაუტოვებია იმ საპყრობილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სადაც პატიმრებს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ შენახული.

2006-04-25 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა საიას აჭარის ფილიალში

26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ოფისში შეხვედრა გაიმართა თემაზე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება" აჭარის რეგიონში. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ისინი ძირითად პრობლემად აჭარის ტელევიზიის სტატუსს მიიჩნევენ. მათი განცხადებით, სანამ ტელევიზია მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა და ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხი ყოველთვის დადგება დღის წესრიგში. ჟურნალისტებს პრობლემა ძირითადად პრესცენტრებთან აქვთ. მათ უძნელდებათ ინტერვიუების ჩაწერა საჯარო მოხელეებთან. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენლებმა ინფორმაციის საჯაროობის საკითხიც განიხილეს. ისინი ამტკიცებენ, რომ მათთვის ხშირად მიუწვდომელი ხდება საჯარო ინფორმაცია. არც თუ ისე იშვიათია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების უგულველყოფა საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციათა და ჟურნალისტთა მორიგი შეხვედრა საიას აჭარის ფილიალის ოფისში 28 აპრილს გაიმართება.

2006-04-25 20:00 სრულად ნახვა

დასკვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებთან დაკაშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განიხილა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ  ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში, ასევე პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონში და სხვა კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. ასოციაციის მიერ მომზადდა და საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინა დასკვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებსა და დამატებებთან დაკაშირებით. ჩვენმა თანამშრომლებმა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული კანონპროექტის შემდგომ განხილვაში და ხელისუფლებასთან მიაღწიეს კონსესუსს რამდენიმე პრინციპულ საკითხზე. აღნიშნულის შედეგად მოხდა პროექტის დახვეწა, თუმცა ამასთანავე დარჩა ისეთი საკითხებიც, რომლებიც, ჩვენი აზრით, კვლავ პრობლემატურია და საჭიროებენ გადახედვას.

2006-04-24 20:00 სრულად ნახვა

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის კანონდარღვევები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი შეფასებასანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების შესახებ18 აპრილს რუსთაველის გამზირზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს:- აქცია ატარებდა მშვიდობიან, საპროტესტო ხასიათს, რისი უფლებაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ რუსთაველის გამზირი. შესაბამისად, აქციის მიმდინარეობაში პოლიციის ჩარევა არ ეყრდნობოდა არავითარ სამართლებრივ საფუძველს და იყო უკანონო.

2006-04-19 20:00 სრულად ნახვა

ტრენინგები საიას რეგიონული ოფისების წარმომადგენელთათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.17-19 აპრილს რეგიონული ოფისების წარმომადგენელთათვის “კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრში” (CTC) სემინარი ჩატარდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს გუნდურ მუშაობაში, გაეცნენ დროის დაგეგმვისა და თანამშრომელთა შეფასების პრიციპებს, დაეუფლნენ პრეზენტაციის ხელოვნებას.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა 20-21 აპრილს  მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრისა (EHRAC) და საიას მიერ ორგანიზებულ ტრენინგში. ტრენინგის თემა იყო განაცხადის წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

2006-04-19 20:00 სრულად ნახვა

რწმუნებულების ფონდების ლიკვიდაცია კანონდარღვევით განხორციელდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 18 აპრილს სასტუმრო თორში პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციის თემა იყო: “პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის კანონდარღვევები”.პრესკონფერენციაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ და პროექტის "პრეზიდენტის რწმუნებული ხალხის სამსახურში" დირექტორმა ნიკა გეგეშიძემ იმ კანონდარღვევებზე ისაუბრეს, რომლებსაც პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდების ლიკვიდაციის დროს ჰქონდა ადგილი.პრესკონფერენციაზე საუბარი იყო საჯარო ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაცია საერთოდ აღარ იტოვებს საიას წერილებს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციას არ გასცემს არც იმერეთის რეგიონის პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია.დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ პრესრელიზში პრესრელიზი

2006-04-17 20:00 სრულად ნახვა

ახალი “შრომის კანონი” - არსებული რეალობის მოწესრიგების მცდელობა

საქართველოში შრომითი ურთირთობების მარეგულირებელი ახალი კოდექსის მიღების აუცილებლობაზე მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საზოგადოებისთვის განსახილველად წარმოდგენილ იქნა შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სამი კანონპროექტი, საკითხის სირთულიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა კომპრომისული ვერსიის შემუშავება. 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე წარდგენილ იქნა სამივე კანონპროექტის შეჯერებული ვარიანტი. კანონპროექტის ავტორების ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან კერძო პირთა ურთიერთობებში მინიმალური ჩარევა და თავისუფალი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, მხარეთა მიერ შრომითი ურთიერთობების მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგად მოწესრიგება.

2006-04-16 20:00 სრულად ნახვა

შეხვედრა კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა და მასმედიის წარმომადგენლებთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე და ასოციაციის რეგიონების კოორდინატორი მზია გოჩელაშვილი  14 აპრილს  სამუშაო ვიზიტით  კახეთში იმყოფებოდნენ.ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის  წარმომადგენლებთან შეხვედრა და  რეგიონში არსებული მდგომარეობისა და პრობლემების განხილვა.არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებმა რეგიონში არსებულ მწვავე პრობლემებსა და მედიის მდგომარეობაზე ისაუბრეს.სამოქალაქო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლები თანამშრომლობასა და ადგილობრივ პრობლემებთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ.აქვე მასმედიის წარმომადგენელთათვის ბრიფინგი გაიამართა.ბრიფინგზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძემ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ დარღვევებზე ისაუბრა.

2006-04-13 20:00 სრულად ნახვა

სასამართლო პროცესი ყოფილი იუსტიციის მინისტრის კოტე კემულარიას წინააღმდეგ

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში კოტე კემულარის წინააღმდეგ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გაიმართა. კოტე კემულარიას წინააღმდეგ მარიამ ჯიშკარიანმა სასამართლოს საკუთარი პატივისა და ღირსების დაცვისათვის მიმართა. ის  ყოფილი იუსტიციის მინისტრისაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.სასამართლო პროცესზე მარიამ ჯიშკარიანის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იცავს.სასამართლომ მარიამ ჯიშკარიანის სარჩელი დასაშვებად სცნო.საქმის არსებითი განხილვა გაიმართება 30 მაისს. 

2006-04-12 20:00 სრულად ნახვა