სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები

30 სექტემბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს. „საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მონიტორინგი“ ორგანიზაციების ერთობლივი პროექტია, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობების შესწავლის მიზნით საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ხორციელდება. აღნიშნული პროექტის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესწავლა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი რეკომენდაციების მიწოდება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების უკეთესი პრაქტიკის დამკვიდრებისა და მათდამი ნდობის ამაღლებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების სტატისტიკური კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი და რეპრეზენტატული სტატისტიკური შერჩევით გამოვლენილ 396 საარჩევნო უბანზე. ორგანიზაციების მონაცემებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში პირველი სხდომები დროულად ჩატარდა, ასევე დროულად მოხდა კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და მდივნების არჩევა. საუბნო კომისიების უმეტესობაში დაცული იყო საარჩევნო სიების გამოკვრის (96,7%) და სიებთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესის (79,7%) გამოკვრის ვალდებულება.

2012-09-30 16:26 სრულად ნახვა

კენჭისყრის დღე რეკომენდაციები მედიისათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოგიდგენთ რეკომენდაციებს კენჭისყრის დღის გაშუქების თაობაზე. მასალა მომზადებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსისა“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის #42-2012 დადგენილების მიხედვით.  

2012-09-30 13:34 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 30 სექტემბერს 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე  საია-ს სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება. სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში. 35  ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში. რეგიონებია: 1. აჭარა; 2. იმერეთი; 3. გურია;

2012-09-30 09:19 სრულად ნახვა

წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ, 2012 წლის 29 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე  წინასაარჩევნო გარემოს შემაჯამებელი შეფასება გაავრცელეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგანაც მმართველობის შერეულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს დატვირთვა საგრძნობლად იცვლება. საარჩევნო პროცესებზე დიდ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდი, რომლის სამართლიან და თანასწორ გარემოში წარმართვას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მთლიანად პროცესის სამართლიანად მიჩნევისთვის. წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით. სამწუხაროდ ამ პერიოდში საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე.

2012-09-29 10:31 სრულად ნახვა

საია პროკურატურას არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაციას მიაწოდებს

უკანასკნელი დღეების განმავლობაში საიას ადვოკატებმა მოინახულეს გლდანის #8,  რუსთავის #6, #16, #17, ქსნის #15  და ბათუმის #3 დაწესებულებების პატიმრები. 240 პატიმრის ახსნა-განმარტებები და განცხადება, რომელსაც 90 პატიმარი აწერს ხელს, გადაეგზავნება მთავარ პროკურატურას. პატიმრები ასახელებენ იმ თანამშრომელთა სახელებს, გვარებსა და ზედმეტ სახელებს, რომლებიც მათი განცხადებით მონაწილეობას იღებდნენ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებში.  წარმოგიდგენთ პატიმართა მიერ დასახელებული პირთა სიას დაწესებულებების მიხედვით. უცვლელად გთავაზობთ სიას და არ ვახდენთ იმ პირთა ამოღებას, რომლებიც უკვე დაკავებულები არიან. პატიმართა მიერ დასახელებული პირები შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ დოკუმენტში.

2012-09-28 16:08 სრულად ნახვა

საია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 29 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდება

საქართველოს  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის  საერთაშორისო საზოგადოება” კოალიცია“ ქართული ოცნების” მიერ 2012 წლის 29 სექტემბერს თბილისსა და ქუთაისში  დაგეგმილი  აქციების  მიმდინარეობას დააკვირდება. დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის  უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს. ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც 2012 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილი  აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

2012-09-28 14:35 სრულად ნახვა

საია პროკურატურას მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადებას უგზავნის და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

2012 წლის 26 სექტემბერს,  მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.  კერძოდ კი განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბრის თვეში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა გულის შეტევით და ასახელებს  თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს. მსჯავრდებულ ოლეგ რამიშვილის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.

2012-09-27 09:59 სრულად ნახვა

საია მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება

საია ეხმაურება ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს და მიუთითებს, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები, აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა. სხვადასხვა წყაროში, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ბოლო დღეებში (21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში) პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა.  დაკავებულთა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ან/და მასთან დაკავშირებული პირია, მათ შორის: 21 სექტემბერს დაკავებული დაცვით ფაცაცია და 23 სექტემბერს დაკავებული კახაბერ ჟორჟოლიანი. ბოლო დღეების განმავლობაში დაკავებული პირების „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი საიას დაუდასტურა კოალიციის ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებულები კოალიციის კოორდინატორები და მობილური ჯგუფების წევრები არიან. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირები, კერძოდ, 22 სექტემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საიას წარმომადგენელი იცავდა.

2012-09-25 06:10 სრულად ნახვა

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია

  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია 2012 წლის 24 სექტემბერს წარმოადგინა. ანგარიში  მოიცავს 2012 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში წინასაარჩევნო პროცესებს საია თბილისსა და საქართველოს შვიდ რეგიონში:  კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, აჭარასა და ოზურგეთში საიას მონიტორების დახმარებით ახორციელებდა. საიას მონიტორები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან მოიპოვებდნენ, მათ შორის საჯარო დაწესებულებებიდან, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის და მედიით გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის გზით. ხშირად მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები თავად აწვდიდნენ ინფორმაციას მათ მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევებისა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შემთხვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ ფაქტს უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ დახმარებას უწევდნენ.  

2012-09-24 13:22 სრულად ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით

არასამთავრობო ორგანიზაციების უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები პენიტენციურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ ფაქტებთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, ისევე როგორც ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ჩატარების თაობაზე დღემდე სათანადო რეაგირების გარეშე რჩება. ამ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, 2012 წლის 24 სექტემბერს, პრესკონფერენცია გამართეს და განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს ფორმალური და არაეფექტური გამოძიებების პირობებში წახალისდა და სისტემურ პრობლემად იქცა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია გვქონდეს ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიების ჩატარებისა და დამნაშავეთა დასჯის გონივრული მოლოდინი.

2012-09-24 08:29 სრულად ნახვა