სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების პასუხი დავით ბაქრაძეს

დღეს, 2012 წლის 7 მარტს,  ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში  კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გამოეხმაურნენ  პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებას. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდეც ერთხელ გადახედავენ საარჩევნო კანონმდებლობას და არსებულ დებულებებს დააზუსტებენ. კერძოდ, მასში ნათლად ჩაიწერება, რომ კანონმდებლობა არ ზღუდავს არასამთავრობო და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობებს“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ. საქართველოს პარლამენტის სურვილი, რომ შეცვალოს ბუნდოვანი და პრობლემური კანონმდებლობა, კამპანიის მონაწილეებისთვის მისასალმებელია, თუმცა მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მხოლოდ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეზღუდვის თავიდან აცილებას არ გულისხმობს. შეთავაზებული ცვლილებები მიმართულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ, პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნისკენ, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისკენ.

2012-03-07 11:11 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იწვევს ჟურნალისტებს ტრენინგზე: “არჩევნები და მედია”

ტრენინგი ორდღიანია  და ჩატარდება ყვარელში   2012 წლის 24-25   მარტს დილის 10:00 სთ-დან საღამოს ჴ 18:00 სთ-მდე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ აღმოსავლეთ  საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს. ტრენინგს ორგანიზებას უწევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ტრენინგის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) პროგრამის “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას” (G-MEDIA) ფარგლებში.    

2012-03-05 13:09 სრულად ნახვა

სოლომონ ქიმერიძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით, საია გამოძიებას მტკიცებულებების გამოქვეყნებას სთხოვს

საია მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილი  სოლომონ ქიმერიძის ოჯახის წევრებს და სურვილის შემთხვევაში, მათ სათანადო იურიდიული დახმარების აღმოჩენას სთავაზობს. საქმესთან დაკავშირებით კი, საია სახელმწიფოს ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების ჩატარებას სთხოვს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით 2012 წლის 27 თებერვალს სოლომონ ქიმერიძე  ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში ბრალდებულის სახით დაკითხვის დროს კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც დასაბუთებული ეჭვები წარმოშვა მომხდარზე შსს ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით. მათ შორის,  სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, რომ  2012 წლის 27 თებერვალს დაკითხვის დროს ს. ქიმერიძეს ოფიციალურად არც ბრალი ჰქონდა წაყენებული და ის არც დაკავებული იყო.   2012 წლის 2 მარტს ინტერნეტ გამოცემა tspress.ge-ის მიერ გავრცელდა  გარდაცვლილ ს. ქიმერიძისთვის გადაღებული ფოტო მასალა, რომელზეც ჩანს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სერიოზული  და მძიმე ხასიათის ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, დაზიანებები თვალის ბუდის ირგვლივ და ხელის მაჯაზე.

2012-03-03 11:04 სრულად ნახვა

ტრენინგი თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლებისა და ახალგაზრდა იურისტებისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით

  საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი  ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით 2012 წლის 25-27 მარტს, თბილისში,   ორგანიზებას უკეთებს ტრენინგს ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან დაკავშირებით. ტრენინგი მიზნად ისახავს  საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა  და ახალგაზრდა იურისტების უკეთ გაცნობირებას  ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. ტრენინგი შეეხება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტურ საკითხებს, ასევე ინსტიტუციურ მექანიზმებს. განსაკუთრებით  გაესმება  ხაზი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ტრენინგის ენას წარმოადგენს ქართული და მისი  ხანგრძლივობაა 3 დღე.  ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერთიფიკატს.  

2012-03-02 13:14 სრულად ნახვა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკანონმდებლო წინადადებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს

  დღეს 12:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა, კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში, მრგვალი მაგიდა გამართეს, რომელზეც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს. კონფერენციის პირველ ნაწილში საკანონმდებლო წინადადების ავტორებმა არსებული კანონმდებლობით დაწესებულ გაუმართლებელ შეზღუდვებზე ისაუბრეს და დეტალურად წარმოადგინეს საკუთარი წინადადებები, რომლებიც, მათი აზრით, უზრუნველყოფს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ქვეყანაში. შეხვედრის მეორე ნაწილში კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებმა ორი მიმართვა გაავრცელეს, რომლებიც განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების,  ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისთვის (ODIHR).  

2012-03-02 12:57 სრულად ნახვა

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, რელიგიური გაერთიანებების შესახებ, საჯარო დისკუსია გაიმართა

  2012 წლის 28 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა. განხილვის თემა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობა და მათთან დაკავშირებული პრობლემები იყო. დისკუსიის პროცესში განიხილებოდა საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების დევნისა და შევიწროვების ფაქტები, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და ასევე სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მისი მოგვარების პროცესში. ღონისძიებაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, თეოლოგიის დოქტორი ვაჟა ვარდიძე და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სტრატეგიული სამართალწარმოების ცენტრის წარმომადგენელი გიორგი გოცირიძე. დისკუსიის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებმა.  

2012-03-01 12:25 სრულად ნახვა

საია 53-ე სკოლის მოსწავლე მიხეილ ალექსიძესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის რეპლიკას ეხმაურება

2012 წლის 28 თებერვალს, პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #53 საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძე ხულიგნად მოიხსენია. მიხეილ ალექსიძე 2011 წლის 13 ოქტომბერს 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხეს, რის საფუძვლადაც მითითებულ იქნა სკოლის შინაგანაწესის უხეში დარღვევა. თუმცა, რაში გამოიხატა ეს დარღვევა და რა მტკიცებულებებით დადასტურდა, გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2011 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება 53-ე საჯაროს სკოლის დირექტორის მიმართ განხორციელებული ხულიგნობის ფაქტზე (და არა ალექსიძის წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ გრძელდება. ალექსიძის საკითხით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომელმაც აღნიშნულ საქმეში არაერთი დარღვევა გამოავლინა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ალექსიძის მიმართ დარღვეული განათლების უფლების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის რეკომენდაციას რეაგირება არ მოჰყოლია. მიხეილ ალექსიძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლოში, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

2012-02-29 12:01 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 28 თებერვალს დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და მოქალაქე თამარ ხიდაშელის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნული სარჩელით საიამ სასამართლოს 2008 წლის ოქტომბერში მიმართა და მოითხოვა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. ხსენებული ნორმის შესაბამისად, თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვდა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო 6 თვემდე. ეს კი, სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობას აძლევდა, ექვსი თვის განმავლობაში, მოსამართლის ბრძანების გარეშე, ფარული მოსმენები ეწარმოებინათ კონკრეტული პირების მიმართ, რითაც ირღვეოდა  საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სადავო ნორმის აღნიშნული შინაარსით წაკითხვას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე - საქართველოს პარლამენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელი იყო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის განხორციელება სასამართლო კონტროლის გარეშე. საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო ნორმა უშვებდა შესაძლებლობას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მომხდარიყო ვადის გაგრძელება მათ შორის ისეთი ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებების ჩატარებაზე, რომლებიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას გულისხმობს. ეს კი იწვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. შესაბამისად, დააკმაყოფილა საიას სარჩელი და სადავო ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად.  

2012-02-29 10:51 სრულად ნახვა

„თბილისი მერიოტში“ პუბლიკაციის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

  დღეს, 2012 წლის 24 თებერვალს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ პუბლიკაციის „სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედიასივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მონიტორინგი განახორციელეს. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა სატელევიზიო მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელი პირების შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, ზემოაღნიშნულ თემაზე 2011 წლის ივნისიდან 2012 წლის იანვრამდე, დამტკიცებული ყველა სამართლებრივი აქტი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით გამოვლინდა, რომ მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა 2008 წლიდან 2011 წლამდე უკანონოდ შეიზღუდა, რითაც ხელი შეეშალა ქვეყანაში მედია პლურალიზმის განვითარებასა და სატელევიზიო მედიის ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. ამასთან, სანქციების დაწესებისას, კომისიამ სხვადასხვა სუბიექტების მიმართ რიგ შემთხვევებში, არაერთგვაროვანი მიდგომით იმოქმედა.

2012-02-24 16:23 სრულად ნახვა

კამპანიის „ ეს შენ გეხება“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

გუშინ 23 თებერვალს, დღის 13:00 საათზე  საქართველოს 8 ქალაქსა და თბილისის 7 უბანში ერთდროულად კამპანიის „ეს შენ გეხება“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, თელავში, გურჯაანში, ბოლნისში, ასევე თბილისის უბნებში: ვაკეში, ვარკეთილში, გლდანში, ვაგზლის მოედანზე, რუსთაველსა თუ თავისუფლებაზე მოსახლეობის აქტიურობა არ წყდებოდა. ორგანიზატორები კანონის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, სიტყვიერი განმარტების პარალელურად, სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ. შეხვედრების მიზანი მოსახლეობის ინფორმირება გახლდათ,  როგორც ახალი საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვების , ასევე კამპანიის „ეს შენ გეხება“ შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას ნებისმიერ მსურველს შეეძლო პეტიციაზე ხელის მოწერა, რომელიც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა წამოიწყეს კამპანია „ეს შენ გეხება“. კამპანიის ფარგლებში მომზადდა, საკანონმდებლო ცლილებების მოთხოვნით, პეტიცია და საკანონმდებლო წინადადების პაკეტი, რომელიც პარლამენტს 17 თებერვალს წარედგინა. პეტიციას უკვე 500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, მოქალაქეთა აქტიურობა გრძელდება და კამპანიის ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.  

2012-02-24 12:59 სრულად ნახვა