სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას 10 დეკემბრის ანგარიშები ტრადიციულად წარუდგინა

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საიამ საზოგადოებას ტრადიციულად წარუდგინა 10 დეკემბრის ანგარიშები. ინფორმაციის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებაა, ის არის ხელისუფლების კონტროლის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ინფორმირებული მონაწილეობის ერთი-ერთი  ძირითადი კანონიერი საფუძველი. მისი დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს, საჯარო დაწესებულებების ვალდებულება, მათ დაწესებულებაში, ამ უფლებასთან დაკავშირებით წლის განმავლობაში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ანგარიშების წარდგენა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტისათვის. ინფორმაციის თავისუფლების შესრულების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ხაზგასმათ უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ მის შესრულებაზე საჯარო დაწესებულებები ანგარიშვალდებული არიან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მუდმივად აკვირდება და სწავლობს კანონის 49-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობას. 2010 წელს გამოიცა ,,10 დეკემბრის ანგარიშების’’ მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2000 წლიდან 2009 წლამდე წარდგენილ ანგარიშებს.

2011-12-15 10:29 სრულად ნახვა

საიამ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მრგვალი მაგიდა გამართა

2011 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საიამ წარმოადგინა მოსაზრებები ადმინისტრაციული პატიმრობის  ძირითად საკანონმდებლო და პრაქტიკულ პრობლემებზე. აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც სანქციის გამოყენება არღვევს ადამიანის ძირითადი უფლებების დიდ ნაწილს. ასევე მისი შეფარდება ხდება აუცილებელი პროცესუალური გარანტიების გვერდის ავლით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეები, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2011-12-14 10:32 სრულად ნახვა

„ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დაფუძნებულმა იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა ტრადიციულად,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, გამართა ოლიმპიადა  სახელწოდებით: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური  უფლებებისათვის“.ოლიმპიდა,   ბოლო 5 წელია   საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით იმართება და ყოველთვის ემთხვევა საია-ს ტრადიციულ ღონისძიებას – „ადამინის უფლებათა დაცვის კვირეულს“. წელს ოლიმპიადას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანულმა ფონდმა “IRZ”-მ. წელს, ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა, რომლებიც წარმოადგენდნენ  სხვადასხვა სასწავლებლის საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე- 4 კურსის სტუდენტებს. ოლიმპიადას ხელმძღვანელობდა ჟიური, რომლის  შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, დარგის სპეციალისტები, პროფესორ-მასწავლებლები და მოსამართლე გერმანიიდან.

2011-12-13 12:42 სრულად ნახვა

საიამ კვლევის "დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგის შედეგები" პრეზენტაცია გამართა

ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში  რიგით მეორე ანგარიში წარადგინა სახელწოდებით: ”დევნილთა მხარდასაჭერად ჩატარებული სამუშაოების მონიტორინგი”. ანგარიშის პირველი ნაწილი მიეძღვნა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით დონორთა მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი და სახელმწიფოს მიერ დახარჯული ფინანსური სახსრების მონიტორინგს. რაც შეეხება, მეორე ანგარიშს, აქ მიმოხილულია დევნილთა საცხოვრებელ ადგილებში კომუნიკაციის საშუალებების გაყვანა-დამონტაჟებაზე დახარჯული თანხების მონიტორინგის შედეგები.  საიამ შეისწავლა  კონკრეტულ ადგილებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და გაზიფიცირების მიზნით გაწეული სამუშაოების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერების გზით გადაამოწმა რეალურად შესრულებული სამუშაოები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ აუცილებელია შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვისას ყურადღება მიექცეს მოსახლეობის საჭიროებებს და ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

2011-12-13 10:56 სრულად ნახვა

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოუწოდებს შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქს“ შეწყვიტონ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევა და აღასრულონ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი წარმოადგენს ჟურნალისტების მაია და ნინო ედილაშვილების ინტერესებს. ნინო და მაია ედილაშვილები მუშაობდნენ შპს „ჯორჯიან ბიზნეს ვიქში“: ნინო ედილაშვილი 2008 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე აღმასრულებელ რედაქტორად, ხოლო მაია ედილაშვილი კი 2007 წლის 1 მაისიდან 2009 წლის 14 ოქტომბრამდე მთავარ რედაქტორად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირნათლად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს ვიქი" თვეების განმვალობაში არ აძლევდა კუთვნილ ხელფასს. დამსაქმებელს საბოლოო ანგარიშსწორება ჟურნალისტებთან არ მოხდენია მათი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც.

2011-12-12 12:27 სრულად ნახვა

შსს-მ ნაწილობრივ აღიარა 26 მაისს ჟურნალისტებისათვის ზიანის მიყენების ფაქტები და ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა

2011 წლის 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თეა თადაშვილმა განიხილა ჟურნალისტების (შვიდი განმცხადებელი) ერთობლივ სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელეები ”ნეტგაზეთის” ჟურნალისტები კონსტანტინე სტალინსკი და თამაზ კუპრეიშვილი, გაზეთ ”გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, შპს „გაზეთი ბათუმელები“, შპს „ჩოხატაურის მაცნე“, შპს „ახალი ამბები“ და  შპს „რადიოცენტრი პლიუსი“ მოითხოვენ მოპასუხის მიერ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება/ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას და ზიანის ანაზღაურებას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ სარჩელს ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ნაწილში. რაც შეეხება აპარატურის ნაწილში დავას, მათი განცხადებით პირვანდელი მდგომარეობის სახით ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, რადგან შსს არა აქვს შესაძლებლობა დააბრუნოს ზუსტად ის ტექნიკა და ის ჩანაწერები, რომლებიც გააჩნდათ ჟურნალისტებს. უფრო კონკრეტულად, სამინისტრომ ცნო ჟურნალისტების კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილის, ნატო გოგელიას სხეულის დაზიანების ფაქტები. ასევე,  დადგენილად მიიჩნია „გაზეთი ბათუმელების“ მოთხოვნა ორი  კამერის  წართმევის გამო და შპს „ახალი ამბების“ სასარჩელო მოთხოვნა  ერთ ფლიპ-ჩარტთან დაკავშირებით, რომელიც  ორგანიზაციის ჟურნალისტს 26 მაისის ღამეს წაართვეს სამართალდამცავმა პირებმა.  

2011-12-12 12:23 სრულად ნახვა

საჯარო დისკუსია საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საარჩევნო კოდექსის პროექტზე ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტზე საჯარო დისკუსია გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედია საშუალებებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ღონისძიება  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა. ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის პირველადი დასკვნის პროექტის განხილვის პარალელურად, შეხვედრაზე საუბარი იყო ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ პროექტის ტექსტში საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეს ცვლილებები  ვენეციის კომისიის, OSCE/ODIHR-ისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

2011-12-12 11:55 სრულად ნახვა

საია ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიას მართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტრადიციულად, ღონისძიებათა სერიით აღნიშნავს.ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერია რიყეზე გამართული აქციით გაიხსნა.ასევე, საიას თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა, პრესკონფერენცია გამართა და მოკლედ მიმოიხილა 2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა  დაცვის კუთხით არსებული პრობლემები.პრესკონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა 2011 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოკვეთილ შემდეგ პრობლემებზე: •    სამართლიანი სასამართლოს უფლება - მიგვაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში კვლავაც მწვავედ იდგა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი.  პრობლემური იყო სისხლის სამართლის კატეგორიისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე აღსანიშნავია აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება, ხშირად წინასწარი პატიმრობა გამოიყენება სრულიად დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე, პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვის შემთხვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში. როგორც წესი, არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, სასამართლო ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე და არ იხილავს ან არ იზიარებს სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს;

2011-12-10 11:31 სრულად ნახვა

2011 წლის 9 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, პრეზენტაცია და მრგვალ მაგიდა გაიმართა თემაზე: ,,დისციპლინური საქმის წარმოების სისტემა საჯარო სამსახურში (კანონმდებლობის  სტანდარტებისა და ფაქტობრივი მდგომარეობის მიმოხილვა)’’.ღონისძიების მიზანი იყო, საჯარო სამსახურში დისციპლინური წარმოების, როგორც ერთ-ერთი კორუფციასაშიში სფეროს, საკანონმდებლო რეგულირებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგების საზოგადოებისთვის გაცნობა. გარდა ამისა - საიას მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე მსჯელობა და მონაწილეების მოსაზრებების მოსმენა და გაზიარება.საიას საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას  ანტიკორუფციული საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ის  საქართველოს იუსტიციის სამინისტროში არსებულ ანტიკორუფციულ საბჭოს წევრია, ასევე, ახორციელებს ანტიკორუფციულ მონიტორინგებს და მომზადებულ ანგარიშებს  ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

2011-12-09 12:22 სრულად ნახვა

საია პარლამენტს დევნილთა შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავს

საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. წარმოდგენილი პროექტი სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებსაც, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, ვისზეც კანონის დღევანდელი რედაქცია ვრცელდება. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით იცვლება დევნილის ცნება და ის ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით _ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომში – „დევნილი“) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“

2011-12-09 08:34 სრულად ნახვა