სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები 14 ივნისსა და 16 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან

2019-06-17 15:16
Featured image

„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი 6 ორგანიზაცია და  „თანასწორობის მოძრაობა“ 14 ივნისსა და 16 ივნისს  განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და  სახელმწიფოს ანტიდემოკრატიული ჯგუფების ძალადობრივი მოწოდებების აღკვეთისა და თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს.

ბოლო დღეებში ჩვენი საზოგადოება საჯარო სივრცეში ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული ჯგუფების მობილიზაციის მძიმე შემთხვევების მომსწრე გახდა. 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა, რომლებიც ლგბტი აქტივისტების გარკვეულ ნაწილს აერთიანებს, გამართეს აქცია, რომლითაც ხელისუფლებას მათი შეკრების თავისუფლების გარანტირებას სთხოვდნენ. შეკრების მონაწილეებს ამ ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფები დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად გამოხატავდნენ ძალადობრივ განზრახვებსა და აშკარად უგულებელყოფდნენ კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლად მდებარე პრინციპებს.

აღსანიშნავია, რომ 14 ივნისის აქციას წინ უძღოდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშის გამართვა და ლგბტი აქტივისტები „ცოდვის პროპაგანდირებაში“ დაადანაშაულა. საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას მოჰყვა სხვა სასულიერო პირების კიდევ უფრო რადიკალური და ძალადობრივი განცხადებები, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ამ დრომდე არ გაემიჯნა. ცხადია, რომ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის მქონე რელიგიური ინსტიტუტის მგავსი განცხადებები ძალადობის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს და სამწუხაროა, რომ 2013 წლის 17 მაისის უმძიმესმა გამოცდილებამ საპატრიარქოს ხედვები და მიდგომები ვერ შეცვალა.

14 ივნისს კანცელარიასთან მიმდინარე აქციისა და კონტრაქციის დროს პოლიციამ მეტნაკლებად მოახერხა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათ შორის, დააკავა კონტრაქციის  30-მდე მონაწილე. თუმცა, ამ დღეს ქვიარ აქტივისტებს მოუწიათ აქციის ტერიტორიის დატოვება და შეურაცხყოფის, დაუცველობის და მძიმე ემოციური სტრესის მიღება. კონტრაქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს აქციის ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს. საგანგაშოა, რომ კონტრაქციის მონაწილეები დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლს. ასევე, ისინი ხელს უშლიდნენ ჟურნალისტებს საქმიანობაში, თუმცა, პოლიციამ რიგ  შემთხვევებში  დააგვიანა მყისიერი რეაგირება მსგავს ფაქტებზე.  

პრობლემურია ის გარემოებაც, რომ 14 ივნისს პოლიციამ არ მიიღო სამართლებრივი ზომები ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც მუქარისა და შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ ძალადობრივ განცხადებებს აკეთებდნენ აქციის ტერიტორიაზე. მეტიც, ხელისუფლების პოლიტიკურმა რიტორიკამ სათანადოდ ვერ უპასუხა კონტრაქციის ძალადობრივ და ჰომოფობიურ იდეებს და ამ ერთგვარი „დუმილით’“ მათ პოლიტიკური ლეგიტიმაციაც მისცა.

14 ივნისს დაწყებული ანტიდემოკრატიული ჯგუფების მობილიზაცია გაგრძელდა 16 ივნისს, თბილისის ცენტრში გამართული ხალხმრავალი აქციით, რომელზეც ლევან ვასაძემ უკიდურესად პრობლემური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთა „სახალხო ლეგიონების“ შექმნისა და ქუჩებში ლგბტი ადამიანების კონტროლის, დაკავებისა და ძალადობის შესახებ. მათი განცხადებით, პოლიციის მიერ მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, ისინი  სამართალდამცავებს არ  დაემორჩილებიან.  

ცხადია, რომ მსგავსი განცხადებები არღვევს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის საფუძვლებს და  ძალადობის ესკალაციის და გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს. 

ჩვენი შეფასებით, ულტრაკონსერვატიული ანტიდემოკრატიული იდეების გაძლიერებას სტრუქტურული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მიზეზების აქვს და არსებითია ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა და სამოქალაქო ჯგუფებმა ის სათანადოდ გაიაზროს. ჩვენს ქვეყანაში არსებული უკიდურესი სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მყიფე დემოკრატია და ღრმა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია ულტრაკონსერვატიული იდეების აღზევებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. სამწუხაროდ, არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ იაზრებს და ვერ პასუხობს ვერც ხელისუფლება და ვერც სხვა პოლიტიკური ჯგუფები. მეტიც, ბოლო დროს ანტიდემოკრატიული ჯგუფების გაძლიერების და ორგანიზების ტენდენციის მიუხედავად, ხელისუფლებას არ მიუღია ადეკვატური ზომები მსგავსი პოლიტიკური იდეების და ჯგუფების რადიკალიზაციის პრევენციის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში კი გაჩნდა ეჭვები მათ მიმართ ხელისუფლების ლოიალობის შესახებ.  

ხაზი უნდა გაესვას ამ მოძრაობების ლიდერების პოლიტიკურ ბიოგრაფიასა და პოლიტიკურ ინტერესს. მათი დიდი ნაწილი  ღიად არის დაკავშირებული რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და აშკარად ჩანს პოლიტიკური ძალაუფლების და გავლენის მოპოვების ინტერესი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც გუშინ, 16 ივნისს შეუერთდნენ აქციას,  კარგად გაიაზრონ ამ მოძრაობის ლიდერების რეალური პოლიტიკური განზრახვები და დღის წესრიგი და ამ უპასუხისმგებლო ლიდერებს არ მისცენ მათი  სოციალური უკმაყოფილების პოლიტიკური გამოყენების  შესაძლებლობა.

სამწუხაროდ, 2013 წლის 17 მაისის მძიმე გამოცდილების მიუხედავად, ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ ხელისუფლება სათანადოდ იაზრებს ჰომოფობიის მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ შედეგებს და მისი დაძლევისთვის  სისტემური ნაბიჯებს დგამს.    ამის საპირისპიროდ, აშკარაა, რომ ხელისუფლება უკვე წლებია ვერ უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების შეკრების თავისუფლების დაცვას და ღიად ახდენს ლგბტი ადამიანების და მათი უფლებების უგულებელყოფას. 2012[1] და 2013[2] წლებში 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს ლგბტი ადამიანების მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ცხადია, რომ მსგავსი პოლიტიკა საზოგადოებაში დაუსჯელობის განცდას აჩენს და ახალისებს ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ძალადობას. ამის საპირისპიროდ, მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები ხშირად ახდენდნენ ჰომოფობიის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და ლგბტი ადამიანების და უფლებების აშკარა იგნორირებას.  

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა შექმნილ სოციალურ კრიზისში და მიიღოს ქმედითი ზომები თანასწორობასა და ინკლუზიაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებისთვის. არსებითია, ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზრონ პოლიტიკურმა პარტიებმა და  საპატრიარქომ.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ

- მთავარობას სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ლევან ვასაძისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფების საქმიანობას, მათ ძალადობრივ გეგმებსა და ქმედებებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ. ამ კუთხით, არსებითია 16 ივნისს, ვასაძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების საფუძველზე, შსს-ს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) დაწყებული გამოძიება იყოს რეალური და ეფექტიანი და საზოგადოებამ დროულად მიიღოს ინფორმაცია გამოძიების კონკრეტული შედეგების შესახებ;

- მთავრობას და პოლიტიკურ ისტებლიშმენტს გაიაზროს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური მოძრაობების აღზევების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები და სისტემური დემოკრატიული და სოციალური პოლიტიკით უპასუხოს მას;

- აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას სათანადოდ გაიაზროს ჰომოფობიის მძიმე პოლიტიკური და სოციალური ეფექტი და  შეიმუშაოს თანმიმდევრული  და სისტემური პოლიტიკა ჰომო/ბი/ტრანსფობიის აღმოსაფხვრელად;

- საქართველოს პროკურატურას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანად გამოიძიონ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან მომხდარი ინციდენტები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

- პოლიციას მიიღოს ქმედითი და პროაქტიული პრევენციული ზომები 14 ივნისის შეკრების მონაწილეების და ლგბტი ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად.

 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

 


[1] საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” (საჩივარი №73235/12), 12.05.2015. იხილეთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3032951?publication=0

[2] 17 მაისის საქმეზე ბრალდებულები მეორე ინსტანციის სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. 8.09.2017. იხ. აქ: https://women.ge/ka/news/newsfeed/145/