სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადმინისტრაციულ დაკავების კანონიერებაზე სწრაფი სასამართლო კონტროლის არ არსებობას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2022-04-15 15:15
Featured image

საიამ სამოქალაქო აქტივისტის დავით ნებიერიძის სახელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. დავით ნებიერიძე დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ მას გაუგრძელეს ადმინისტრაციული დაკავების ვადა კიდევ 24 საათით, ჯამში, სასამართლოში წარდგენამდე, დავით ნებიერიძე დაკავებული იქნა 48 საათის განმავლობაში. 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დავით ნებიერიძის ადვოკატებმა მოითხოვეს დაკავების უკანონოდ ცნობა. ადვოკატების თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს არ ახლდა პოლიციის დასაბუთება, თუ რა მტკიცებულების მოსაპოვებლად იყო აუცილებელი დაკავების ვადის 48 საათამდე გაგრძელება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლაზე უარი განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კიდევ ერთმა მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე. მოსამართლე როხვაძის თქმით, დაკავების კანონიერების შესწავლა ხდება დამკავებელი პოლიციის ზემდგომის და არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაკავებული 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს სასამართლოს, რომელსაც ევალება დაკავების დასაბუთებულობის და კანონიერების შესწავლა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ადამიანის დაკავების საკითხს სწრაფად უნდა განიხილავდეს სასამართლო.

ამგვარად, საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ უშვებს იმას, რომ არასასამართლო ორგანო იხილავდეს ადმიანის დაკავების კანონიერების საკითხს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი კი ითვალისწინებს დაკავების კანონიერების დამკავებლის ზემდგომ ორგანოში ან პროკურორთან გასაჩივრებას. არც დამკავებლის ზემდგომი ორგანო - შსს, არც პროკურატურა არ არის სასამართლო, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით უნდა აკონტროლებდეს ადამიანის დაკავების კანონიერებას. მართალია, შსს-ს გადაწყვეტილება ადამიანის დაკავებასთან დაკავშირებით საჩივრდება სასამართლოში, თუმცა ამ შემთხვევაში დაცულია არ არის კონსტიტუციის და ევროპული კონვენციის მოთხოვნები - სასამართლომ ადამიანის დაკავების კანონიერება სწრაფად შეისწავლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ერთ სასამართლო ინსტანციაში საქმის განხილვა გრძელდება 2-დან 5 თვემდე, პრაქტიკაში კი ეს ვადები ძალიან ხშირად ირღვევა, სასამართლოს გადატვირთულობის გამო. ამით, კი კონსტიტუციის მოთხოვნები - სწრაფად, დაკავებიდან 72 საათში დადგინდეს ადამიანის დაკავების კანონიერების საკითხი - არ სრულდება. 

საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს ასაჩივრებს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებაში.