სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აქცია სიცოცხლის უფლების დასაცავად - “დატოვე ანაბეჭდი!”

2006-05-19 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 მაისს თბილისსა და ქუთაისში აქცია გამართა. 1999 წლის 20 მაისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია”. ამ დოკუმენტით საქართველომ კიდევ ერთხელ აღიარა ადამიანის სიცოცხლის უფლება.

დღეს საქართველოში უხეშად ირღვევა სიცოცხლის უფლება. მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი.

აქციაზე სპეცრაზმელთა თეთრ ნიღბებში გამოწყობილი ახალგაზრდები თბილისში რუსთაველის გამზირზე და ქუთაისში აღმაშენებლის მოედანზე გამვლელებს საქართველოს კონსტიტუციისა და “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის” იმ მუხლების ციტატებს აცნობდნენ, რომლითაც სიცოცხლის უფლებაა დაცული.

აქცია ინტერაქტიული იყო. თითოეულ მოქალაქეს საშუალება ჰქონდა,  ორიგინალურად, საკუთარი ხელის ანაბეჭდით, გამოეხატა საკუთარი ნება სიცოცხლის უფლების დასაცავად.

ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა მრგვალი მაგიდა მოაწყო. შეხვედრა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის კონვენციასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. მას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები, სტუდენტები და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები.

12 მაისს კი ბათუმის ზღვისპირა პარკში ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის რატიფიცირების დღესთან დაკავშირებით საიას აჭარის ფილიალმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 30 ხე დარგო. ამ ადგილას “სიცოცხლის” სკვერი გაკეთდება.