სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეა გოშხეთელიანის საქმე - სახელმწიფო მსხვერპლს აიძულებს არ ისაუბროს განცდილ ძალადობაზე

2018-02-19 18:28
Featured image

საია მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის, დეა გოშხეთელიანის მიმართ პოლიცია და სასამართლო დაუსაბუთებელ, კანონთან შეუსაბამო და ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებენ.  იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმები, იგი რეპრესიულ ღონისძიებებს იყენებს მსხვერპლის მიმართ. შედეგად, სათანადო ორგანოებისათვის მიმართვა ქალის მდგომარეობას აუარესებს და აიძულებს მას უარი თქვას სახელმწიფოში არსებულ ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების გამოყენებაზე.

დეა გოშხეთელიანისა და მისი მამის მიმართ 2018 წლის 3 იანვარს ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოძალადე მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვარს ამავე ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა ყველა სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით. თუმცა, 2018 წლის 8 იანვარს მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, რაც გამოიხატა სოციალური ქსელის (Facebook) მეშვეობით მსხვერპლთან კომუნიკაციის დამყარებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა ქუთაისის სააპელაციო  სასამართლომ არ მიიჩნია ორდერის დარღვევის ფაქტი დადასტურებულად და არ შეუფარდა პირს პასუხისმგებლობა.

2018 წლის თებერვლიდან ძალადობისგან დაცვის ღონისძიებების გამოყენება დაიწყო არა დეა გოშხეთელიანის დასაცავად, არამედ მის წინააღმდეგ.  6 თებერვალს ქუთაისის პოლიციამ დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ გამოსცა შემაკავებელი ორდერი დეას ყოფილი მამამთილის განცხადების  საფუძველზე, რომლის თანახმადაც იგი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ძალადობას დეას მხრიდან. ძალადობის მტკიცებულებად პოლიციამ მხედველობაში მიიღო დეა გოშხეთელიანის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსი, სადაც საუბარი იყო წლების მანძილზე ყოფილი მეუღლის ოჯახის მხრიდან დეას მიერ გადატანილ ძალადობის ფაქტებზე. დეას მიერ გამოქვეყნებული პოსტი პოლიციამ ყოფილი მამამთილის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად მიიჩნია. აღნიშნული ორდერი საიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ იგი ძალაში დატოვა.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ შექმნა სარისკო და მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგო პრეცედენტი, რომლითაც მსხვერპლს გაუმართლებლად შეუზღუდა საჯარო სივრცეში გადატანილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბარი და მოსაზრებების დაფიქსირება. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა მსხვერპლის მოძალადედ მიჩნევა, რაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს სახელმწიფოსგან უგზავნის მესიჯს, რომ არ უნდა ისაუბრონ მათ მიერ გამოვლილ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან აღნიშნული შესაძლოა მათ წინააღმდეგ შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი გახდეს.

მიუხედავად ორდერის დაუსაბუთებლობისა, დეა მას დაემორჩილა და სოციალური ქსელების მეშვეობით ყოფილი ოჯახის წევრების მიმართ 6 თებერვლის შემდგომ განცხადება აღარ გაუვრცელებია. თუმცა, 2018 წლის 17 თებერვალს, ყოფილმა დედამთილმა და მულმა ასევე მიმართეს პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რათა დეა გოშხეთელიანს შეეწყვიტა მათი შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება სოციალური ქსელის საშუალებით. პოლიციამ ამჯერადაც დააკმაყოფილა უსაფუძვლო მოთხოვნა და დეა გოშხეთელიანს აუკრძალა სოციალურ ქსელში დედამთილისა და მულის მიმართ შეურაცხმყოფელი სტატუსების გავრცელება (იმის მიუხედავად, რომ დეას 6 თებერვლის შემდგომ აღარ გაუვრცელებია მიმართვა).

დეა გოშხეთელიანის საქმეზე განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ როგორც პოლიცია, ისე სასამართლო შემაკავებელ ორდერს მსხვერპლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ორდერის მიზანია არა კონკრეტული პირებისათვის საჯარო სივრცეში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და განცხადებების გავრცელების უპირობო აკრძალვა, არამედ მოძალადისა და მსხვერპლის სწორად იდენტიფიცირება და რეალური, იმწუთიერი და სამომავლო ძალადობისაგან მსხვერპლის დაცვა.

პოლიციელთა მიერ გამოცემული და, ცალკეულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული შემაკავებელი ორდერები, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ორდერის გამოცემა ეფუძნება არა მსხვერპლის ინტერესების დაცვას და მის მიმართ ძალადობის პრევენციის ინტერესს, არამედ საკითხს განიხილავს მისი სიმწვავისა და გენდერული პრობლემატიკის გააზრების გარეშე. ასეთი გადაწყვეტილებებით შემაკავებელი ორდერის ოპერატიული და რეალურ საჭიროებებზე მორგებული ფუნქცია კარგავს თავის მნიშვნელობას, ახდენს მსხვერპლის ხელახალ ვიქტიმიზაციას და ხელს უშლის მას სახელმწიფოში არსებული მექანიზმების ეფექტურად გამოყენებაში. ამგვარი მიდგომით სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას და ქალებისათვის არსებითი თანასწორობის მიღწევას.