სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

დეკემბრის თვის წარმატებული საქმეები

2014-01-09 02:07
Featured image

საიას თბილისის ოფისის ადვოკატების დახმარებით ხუთმა პირმა თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ფულადი კომპენსაცია (თითოეულმა 12 000 ლარი) მიიღო

რუსეთის ფედერაციის 5 მოქალაქე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს დააკავეს. მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც დაიდო საპროცესო შეთანხმებები. აღნიშნულის შემდგომ, მათი გათავისუფლება  სასამართლო დარბაზიდან უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მოსარჩელეები  თითქმის 4 თვის განმავლობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჰყავდა დაპატიმრებული.

გათავისუფლების შემდგომ, საიას ადვოკატების დახმარებით მათ სასამართლოს მიმართეს და მოითხოვეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ზიანის ანაზღაურება.  
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოსარჩელეებს შორის სასამართლო პროცესზე მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსარჩელეთათვის ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის შესახებ. მორიგება დამტკიცებულ იქნა სასამართლოს მიერ, რომლის საფუძველზეც თითოეულმა მოსარჩელემ შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ზიანის ანაზღაურების სახით 12 000 ლარი მიიღო.  
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით დევნილ ს.მ.-ის სასარგებლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) გადახდა დაეკისრა
 
ს.მ. ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი შეყვანილი იყო ახლადაშენებული, რეაბილიტირებული ან შესყიდული საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაციის მიმღებ პირთა სიაში,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო  უარს ეუბნებოდა კუთვნილი თანხის გაცემაზე. 
 
საიას თბილისის ოფისის ადვოკატის დახმარებით,  ს.მ.-მ  სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა 2011 წელს წამოიწყო. ხანგრძლივი დავა საბოლოოდ მის სასარგებლოდ დასრულდა და კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა ს.მ-ის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარის) გადახდა. 
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან 
 
2013 წლის აგვისტოს ი.ბ-ის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 116-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს განმეორებით სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის  მდგომარეობაში. აღსანიშნავია, რომ ი.ბ-ს არ მიეცა შესაძლებლობა (ევაკუატორის დაგვიანების გამო) სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან კანონით დადგენილ 2 საათიან ვადაში ჩაეტარებინა ექსპერტიზა და დაედასტურებინა, რომ იყო  ფხიზელი. ექსპერტიზის ჩატარება დაახლოებით საათნახევრის დაგვიანებით მოხერხდა და დადგინდა, რომ მის ორგანიზმში  ალკოჰოლის შემცველობა 0,00 პრომილეს შეადგენდა. 
 
ი.ბ-ის მიერ სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, რომელმაც ბათილად ცნო სამართალდარღვევის ოქმის ასკ-ის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილში (განმეორებით სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური   მდგომარეობაში), თუმცა, მიუთითა, რომ მანევრირების წესის დარღვევის ნაწილში სამართალდარღვევის ოქმი ძალაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მანევრირების წესის დარღვევის თაობაზე სამართალდარღვევის ოქმი არ ყოფილა შედგენილი. მოგვიანებით, 2013 წლის ოქტომბერს იმავე ფაქტთან დაკავშირებით დამატებით გამოიცა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ასკ-ის 125-ე მუხლის 62 მუხლის (მანევრირების წესის დარღვევა) საფუძველზე. 
 
კანონის წესის დარღვევით გამოცემული ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დადგენილება გასაჩივრდა სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი, ბათილად ცნო კანონის  დარღვევით გამოცემული აქტები და ი.ბ-ს მიმართ შეწყვიტა ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. 
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოქალაქემ  სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო დავა მოუგო
 
საიას თბილისის ოფისის დახმარებით მოსარჩელე რ.მ-მ მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალურ-მომსახურების ცენტრის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.  დავის საგანს წარმოადგენდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (რომლის საფუძველზეც რ.მ-ს შეუწყდა სოციალურად დაუცველი პირის საარსებო შემწეობა) და ზიანის სახით მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა. შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ის აქტი, რომლითაც რ.მ-ს შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება და მოპასუხეს დაეკისრა  რ.მ-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით.  
 
საიას დუშეთის ოფისის  დახმარებით პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა
 
საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იცავდა  გ.ბ-ს ინტერესებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე. ის დაკავებულ იქნა შსს-ს თანამშრომლების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული). 
 
დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ იქნა მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები და ფოტომასალა), რომლებიც ადასტურებდნენ გ.ბ-ს უდანაშაულობას. სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენისას, სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა გ.ბ-სთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე და დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.
 
წინასასამართლო სხდომის გამართვამდე, გამოძიების ეტაპზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებები და ფოტომასალა) საფუძველზე პროკურატურამ შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა გ.ბ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების არარსებობის გამო.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით აღდგა მოქალაქე პ.მ–ს  და  სახელმწიფოს 100%  წილობრივი  მონაწილეობით შექმნილ  შპს–ს შორის  შეწყვეტილი იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი მოსარჩელე პ.მ–ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 2011 წლის 26 აპრილს   პ.მ-ს  და სახელმწიფოს 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით შექმნილ  შპს–ს   შორის გაფორმდა  იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ.მ–ს  5 წლის ვადით აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაეცა იჯარის ფორმით შპს–ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი.  შპს–ს   დირექტორის   ჯ.ზ–ს  ბრძანებით პ.მ-სთან  2013 წლის 01 იანვრიდან შეწყვეტილ იქნა იჯარის ხელშეკრულება, იმ მოტივით, რომ  მისთვის  შპს–ს ქონების აუქციონის გარეშე  იჯარის ფორმით გადაცემა მოხდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე.
 
პ.მ-მ საია–ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით სარჩელით მიმართა სასამართლოს    შპს–ს დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობის და შეწყვეტილი იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის  გადაწყვეტილებით. სასამართლომ სრულად  გაიზიარა აპელანტის ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით,  რომ  პ.მ-სთვის   შპს–ს საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის გარეშე სასყიდლით გადაცემისათვის სავალდებულო არ იყო საქართველოს მთავრობის თანხმობა. 
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
ქუთაისის საქალაქო  სასამართლოს 2013 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით გ.მ. ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლით (სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა). მას სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
 
გ.მ-მ საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ზემოაღნიშნული დადგენილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით გ.მ. გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.  სააპელაციო სასამართლომ სრულად  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გ.მ-ს მიერ ჩადენილი იყო მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
 
საიას  ქუთაისის ფილიალის დახმარებით კიდევ ერთი მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი სასამართლოში იცავდა მოქალაქე  გ.თ-ს ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილით (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება) და მას აეკრძალა მართვის უფლება 12 თვის ვადით. გ.თ–მ  საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით ზემოაღნიშნული  დადგენილება გაასაჩივრა სენაკის რაიონულ სასამართლოში.  ამავე  სასამართლოს დადგენილებით, გ.თ-ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სასამართლომ სრულად  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა გ.თ-ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და საქმე შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო. 
 
საიას  ქუთაისის  ფილიალის  დახმარებით  ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სასარგებლოდ სასამართლომ  დამცავი ორდერი გამოსცა
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, მოსარჩელე მ.გ–ს სასარგებლოდ აწარმოებდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მ.გ–ს განცხადება  დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მ.გ-ს ყოფილ მეუღლეს გ.შ-ს  აეკრძალა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილთან მიახლოება, აგრეთვე მობილურ ტელეფონზე სატელეფონო ზარის განხორციელება და სმს შეტყობინების გაგზავნა.
 
სასამართლომ  სრულად გაიზარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მ.გ-ს მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და მორიგების აქტის საფუძველზე   დაინიშნა ფინანსურ მენეჯერად
 
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოფილი უფროსის ლ.ლ-ს ინტერესებს, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 28 ივნისის ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის  13 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლის საფუძველზეც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით ლ.ლ-ს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და მასთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ფინანსური მენეჯერის შტატზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებულ ერთ-ერთ  შპს-ში.
 
საიას  ქუთაისის  ფილიალის  დახმარებით  სასამართლომ  ჟურნალისტს  1000  ლარიანი ჯარიმა 300 ლარამდე შეუმცირა
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი მოპასუხე ო.მ-ს  სასარგებლოდ აწარმოებდა  ადმინისტრაციული სამართლის საქმეს სასამართლოში. მოსარჩელე (ტელეკომპანია „რ“) მოითხოვდა ჟურნალისტ ო.მ–ს კონკურენტ ტელეკომპანიაში სამუშაოდ გადასვლის გამო დაკისრებოდა  შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის-1000 ლარის  გადახდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და ჟურნალისტს დაეკისრა ჯარიმის 1000 ლარის გადახდა. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ო.მ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის  გადაწყვეტილებით ო.მ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა  1000 ლარის ნაცვლად, 300 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1000 ლარიანი ჯარიმა წარმოადგენდა პირგასამტეხლოს, რაც შეუსაბამო იყო ხელფასის ოდენობასთან (ო.მ-ს ხელფასი 250 ლარამდე ჰქონდა თვეში) და შეამცირა იგი გონივრულ ფარგლებში.
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით,  სასამართლომ  ოჯახური ძალადობის  მსხვერპლის სასარგებლოდ დამცავი ორდერი გამოსცა
 
საიას ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, მოსარჩელე შ.გ–ს სასარგებლოდ აწარმოებდა ადმინისტრაციული სამართლის საქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შ.გ-ს განცხადება  დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და მის მეუღლეს, გ.ბ–ს  აეკრძალა შ.გ–ს საცხოვრებელ სახლთან და სამუშაო ადგილთან მიახლოება, აგრეთვე მობილურ ტელეფონზე სატელეფონო ზარის განხორციელება და სმს შეტყობინების გაგზავნა.
 
სასამართლომ  სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის  მხრიდან ადგილი ჰქონდა შ.გ.–ს მიმართ  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
 
საიას რუსთავის ოფისის დახმარებით, ინტერნეტგამოცემა presage.tv მიიღებს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას
 
საიას რუსთავის ოფისი სასამართლოში  იცავდა ინტერნეტგამოცემა presage.tv-ის და  მისი ჟურნალისტის მ.ბ-ს  ინტერესებს. მათ საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით მიმართეს რუსთავის საკრებულოს და ითხოვდნენ ინფორმაციას რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ავტოპარკის განახლების შესახებ, კერძოდ, რამდენი, რა მარკის და რა ღირებულების ავტომანქანები შეიძინა 2011 წელს რუსთავის საკრებულომ, აგრეთვე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ფულადი პრემიები გაიცა საკრებულოს თანამშრომლებზე და ვინ იყვნენ პრემიის მიმღები საჯარო მოხელეები. რუსთავის საკრებულომ უარი განაცხადა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. როგორც რუსთავის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ინტერნეტგამოცემა presage.tv-ის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. 2013 წლის 30 მაისს საკასაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის განჩინება და აღნიშნული საქმე განსახილველად კვლავ დაბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 
 
თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა  ინტერნეტგამოცემის სააპელაციო საჩივარი და თვითმმართველი ქ. რუსთავის საკრებულოს დაევალა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. კერძოდ, 2010–2011 წლის სექტემბრის ჩათვლით, თანამდებობის პირთათვის გაცემული ფულადი პრემიების ოდენობების, ადრესატებისა და გაცემის თარიღების მითითებით. მოწინააღმდეგე მხარეს ასევე დაევალა  2011 წელს რუსთავის თვითმმართველობის მიერ შეძენილი ავტომანქანების  მარკის, ოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაციის გაცემა. ქალაქ რუსთავის საკრებულოს დაეკისრა ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. საქმეზე უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
 
საიას გორის ოფისის დახმარებით, მოქალაქეს ჩამორთმეული მართვის უფლება აღუდგა
 
საიას გორის ოფისი იცავდა ზ.ა–ს ინტერესებს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე. მას კანონით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის გამო ჯარიმა შეეცვალა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით. თუმცა, მისთვის უცნობი იყო, რომ ის ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა), რადგან აღნიშნულის შესახებ დადგენილება არ  ჩაბარებია  კანონით დადგენილი  წესით. 
 
საიას გორის ოფისის დახმარებით, ზ.ა-მ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ მომხდარა ზ.ა-ს ჩაბმა ადმინისტრაციულ წარმოებაში და მას დაჯარიმების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
 
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ.ა-ს საჩივარი და მას ჩამორთმეული მართვის უფლება აღუდგა.