სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ეკატერინე კიკნაძემ თეა წულუკიანისა და მუზეუმის დირექტორატის წინააღმდეგ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის დადგენის თაობაზე მიმართა

2022-02-23 15:04
Featured image

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეაწულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია დამასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. გათავისუფლებულებს შორის არის ეკატერინე კიკნაძე, რომელიც ჯერ მუზეუმის მმართველის პოზიციიდან ლაბორანტის პოზიციაზე მისი თანხმობის გარეშე გადაიყვანეს, შემდეგ კი საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამ საკითხზე ეკატერინემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2022 წლის 28 იანვარს, სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაქვეყნა კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის 13 გამარჯვებულ პროექტს შორის არის ეკატერინე კიკნაძის და ხელოვნების მუზეუმის სხვა (აწ უკვე ყოფილი) თანამშრომლების ერთობლივი პროექტიც.

მას შემდეგ, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ეკატერინე კიკნაძის პროექტმა მიიღო რუსთაველის ფონდის დაფინანსება, იმ მიზნით, რომ ხელი შეშლოდა კრიტიკულად განწყობილი (ყოფილი) თანამშრომლების სამეცნიერო კვლევების განხორციელებას მუზეუმში, მინისტრმა შეიმუშავა განსხვავებული შეხედულებების გამო კვლევითი პროექტებიდან კონკრეტული პირების ჩამოშორების მექანიზმი. კერძოდ, დებულებით დირექტორატს მიენიჭა უფლებამოსილება, დაფინანსებული პროექტების შესახებ მიმართოს დამფინანსებელს და მოითხოვოს საგრანტო თანხა. დირექტორატს ასევე მიენიჭა უფლება, თავად განსაზღვროს დაუშვებს, თუ არა მუზეუმში მკვლევარს კვლევითი პროექტის განხორციელების მიზნით.

მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დირექტორატის უმრავლესობამ აღასრულა მინისტრის დისკრიმინაციული განზრახვა. კერძოდ, 2022 წლის 9 თებერვალს, დირექტორატის წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა წერილობით მიმართა რუსთაველის ფონდს 13 გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფის მიზანშეუწონლობის შესახებ, რითაც ფაქტობრივად შეჩერდა სამეცნიერო პროექტების, მათ შორის, ეკატერინე კიკნაძის და მისი კოლეგების გამარჯვებული პროექტის განხორციელება.

2022 წლის 22 თებერვალს ეკატერინე კიკნაძემ საჩივრით მიმართა სახალხო დამცველს და მოითხოვა მინისტრის, სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორატისა და მისი ოთხი წევრის მიერ განსხვავებული შეხედულებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა. 

აღსანიშნავია, რომ ეკატერინე სხვა კოლეგებთან ერთად არის ხელმომწერი და ორგანიზატორი 2021 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მომზადებული პეტიციებისა, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ არსებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, პეტიციების ხელმომწერთა დევნა კი, რეორგანიზაციის შედეგებში ნათლად გამოჩნდა.

ეკატერინე კიკნაძის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სახალხო დამცველის აპარატში საია წარმოადგენს.