სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობის და უკანონო დაკავების ფაქტზე საქართველოს პასუხისმგებლობა დაადგინა

2020-07-08 03:38
Featured image

საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინიდან ის მხოლოდ ერთი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ ცვლის და მსგავს საქმეებზე ვრცელდება.  

 

2020 წლის 25 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე არქანია საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაცხადა და დაადგინა, რომ უკანონო დაკავების პერიოდში მომჩივანი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა და ამავდროულად, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ფაქტზე ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2011 წლის 14 ივნისს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელებმა მომჩივანი, ლაშა არქანია დააკავეს. დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მომჩივანი თავდაპირველად მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე მიიყვანეს, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადეს. შემდგომ, არქანია წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მის მიმართ ძალადობა გაგრძელდა. პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება 2011 წლის აგვისტოში დაიწყეს, რომელიც დღემდე გრძელდება. 

საქმის მასალების თანახმად, მომჩივანი ოფიციალურად 15 ივნისს დააკავეს იარაღის და ნარკოტიკების უკანონო ფლობის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც ბრალი 16 ივნისს წაუყენეს. დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, არქანიამ დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. ეროვნული სასამართლოების წინაშე, რომლებიც მომჩივნის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საკითხს შეეხებოდა, არქანია აპელირებდა, რომ რეალურად მისი დაკავება 14 ივნისს მოხდა და რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციელების კონტროლის ქვეშ უკანონოდ იმყოფებოდა. მომჩივანმა მის მიმართ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2011 წელს მიმართა. 

2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტებით,  მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანმა მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები 2011 წლის 16 ივნისს დააფიქსირა, გამოძიება მომჩივნის და სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის შემდეგ მხოლოდ 2011 წლის 17 აგვისტოს დაიწყო. გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს განმარტებით, გამოძიების ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებდა ის ფაქტიც, რომ 2013 წლის შემდეგ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა და 9 წლის განმავლობაში უშედეგოდ გრძელდებოდა. თუმცა, ევროპული სასამართლოს თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამაჯერებელი არგუმენტები არ წარმოუდგენია, ამასთან, სახელმწიფოს აპელირება დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმზე, რომლის თანახმად, მომჩივანმა დაზიანებები დაკავებამდე მიიღო, ევროპული სასამართლოსთვის არ იყო საკმარისი სახელმწიფოს პოზიციის გასაზიარებლად, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს დოკუმენტები შედგენილი იყო ადვოკატის გარეშე, მაშინ, როდესაც მომჩივანი პოლიციელების მხრიდან მომდინარე სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების დაწყებიდან 9 წლის შემდეგაც ვერ შეძლეს, დაედგინათ მომჩივნის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმომავლობის წყარო, რაც თავის მხრივ მთლიანი სამართალწარმოების მიზანს აყენებდა ეჭვქვეშ.

მოცემულ საქმეში ასევე დადგინდა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით იყო საკმაოდ დეტალური, რომელიც  ძალადობის დროის, ადგილის და განმახორციელებელი პირების ვინაობის შესახებ თანმიმდევრულ დეტალებს მოიცავდა. ამავდროულად, მომჩივნის ვერსია არასათანადო მოპყრობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით, სამი პოლიციელის და სხვა მოწმეების ჩვენებებით იყო გამყარებული. აღნიშნული მტკიცებულებები გამორიცხავდა შესაძლო სპეკულაციას, რომ მომჩივანმა დაზიანებები დაკავებამდე მიიღო. დამატებით, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო, წარმოედგინა მოვლენების საკუთარი ვერსია, მათ შორის, რა ვითარებაში მიიღო მომჩივანმა აღნიშნული დაზიანებები. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მომჩივნის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები პოლიციელთა კონტროლის ქვეშ მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შედეგი იყო. 

ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევაც დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს პოზიცია, რომ მომჩივანი 15 ივნისს დააკავეს არ იყო დამაჯერებელი მითუმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მინიმუმ 5 მოწმე ადასტურებდა მომჩივნის ვერსიას 14 ივნისს მის დაკავებასთან დაკავშირებით და ამასთან, სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება მოვლენების სათანადოდ დადგენის მიზნით. შესაბამისად, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მომჩივნის ვერსია მისი დაკავების თარიღთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სხვა საკითხებთან ერთად მომჩივნის დაკავების ზუსტი თარიღის და ადგილის არარსებობა დაკავების კანონიერებასთან და კონვენციის მე-5 მუხლის ძირითად მიზანთან იყო შეუსაბამო. 

სასამართლომ საქართველოს მომჩივნის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 16 000 ევროს გადახდა დააკისრა.