სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპულმა სასამართლომ გიორგი ტოროშელიძის სიცოცხლის უფლების დარღვევაში საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო

2018-12-26 13:02
Featured image

2018 წლის 20 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე: მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქართველოს მხრიდან კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა, ვინაიდან სახელმწიფომ გიორგი ტოროშელიძე ვერ უზრუნველყო დროული და ადექვატური მკურნალობით, ასევე, მის გარდაცვალების ფაქტზე არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება. ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენენ.

საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნის, რუსიკო მაისურაძის შვილი, გიორგი ტოროშელიძე 2008 წლის 7 ივლისიდან სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. 2008 წლის 19 დეკემბერს ტოროშელიძეს ტუბერკულოზი დაუდგინდა. დიაგნოზის დადგენისთანავე ციხის ექიმებმა ტესტი დანიშნეს იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად იყო შესაძლებელი პაციენტის მკურნალობა „DOTS“-ის პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებით. პარალელურად ექიმებმა ტოროშელიძის მკურნალობა ამ პროგრამით დაიწყეს ისე, რომ მათთვის ტესტის შედეგები უცნობი იყო. 2009 წლის თებერვალში ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტის მკურნალობა არ იყო შესაძლებელი „DOTS“-ის პროგრამით. აღნიშნულის შემდეგ ექიმებმა მეორე ტესტი დანიშნეს ამჯერად „DOTS+“-ის პროგრამაში არსებული მეორე ხარისხის მედიკამენტების მიმართ პაციენტის მგრძნობელობის დასადგენად. პირველი ტესტის შედეგების მიუხედავად ექიმებმა ტოროშელიძის მკურნალობა კვლავ „DOTS“-ის პროგრამით განაგრძეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. 2009 წლის 10 აპრილს ტესტმა აჩვენა, რომ ტოროშელიძის მკურნალობა „DOTS+“-ის პროგრამაში არსებული მეორე ხარისხის მედიკამენტით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ამ პროგრამით პაციენტის მკურნალობა მხოლოდ 2009 წლის 4 მაისს, შედეგების მიღებიდან თითქმის 1 თვის შემდეგ დაიწყეს. ტოროშელიძე 2009 წლის 19 მაისს ფილტვის მასიური ჰემორაგიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

იმავე დღეს გიორგი ტოროშელიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება მალევე შეწყვიტა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, მიუთითა რა, რომ ტოროშელიძის სიკვდილი ტუბერკულოზის ბუნებრივი გართულებით იყო გამოწვეული.  

წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევა დაადგინა და გიორგი ტოროშელიძის გარდაცვალების გამო საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოროშელიძეს ტუბერკულოზის დიაგნოზი 2008 წლის 19 დეკემბერს დაუდგინდა, მას ეფექტური მკურნალობა დაახლოებით 4 თვისა და 2 კვირის განმავლობაში არ ჩატარებია. სასამართლოს განმარტებით, ადექვატური მკურნალობის ასეთი ხანგრძლივი დროით დაგვიანება მითუმეტეს იმ პირობებში, როცა დაავადება სწრაფად პროგრესირებადი იყო, არ შეიძლებოდა, გამართლებული ყოფილიყო მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად დანიშნული ტესტის შედეგების გვიან მიღებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შეიძლებოდა აღნიშნული ტესტის უფრო ადრე დანიშვნა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ტოროშელიძეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონდა ადექვატური და დროული მკურნალობის მიღების შესაძლებლობა, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.

მოცემულ საქმეში ასევე დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოროშელიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და დროულად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო დეპარტამენტის მხრიდან დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, კერძოდ,

- საგამოძიებო დეპარტამენტმა სათანადო გამოკვლევის გარეშე დატოვა ის საკითხი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ექიმების მხრიდან მეორე ხარისხის მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის ტესტის უფრო ადრეულ ეტაპზე დანიშვნა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ტოროშელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.

- საგამოძიებო დეპარტამენტმა არ გამოიკვლია, თუ რით იყო განპირობებული „DOTS+“-ის პროგრამით მკურნალობის დაწყება მეორე ტესტის შედეგების მიღებიდან 24 დღის დაგვიანებით. 

- იმ პირობებში, როცა საგამოძიებო მოქმედებები სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა - იმავე სამინისტროს უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც იყვნენ სავარაუდოდ პასუხისმგებელნი ტოროშელიძის გარდაცვალებაზე, ინსტიტუციური კავშირი საგამოძიებო ორგანოსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის სერიოზულ ეჭვებს აჩენდა ჩატარებული გამოძიების დამოუკიდებლობის მიმართ.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიყენებული მორალური ზიანისთვის მომჩივნის სასარგებლოდ 15000 ევროს გადახდა დააკისრა.

საია აქტიურად დააკვირდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესასრულებლად გატარებულ ზომებს.