სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კანონების დაჩქარებული წესით მიღება

2022-08-18 11:32
Featured image

საქართველოს კანონმდებლობით, კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს მათ დამტკიცებას პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. თუმცა იგი კანონშემოქმედების პროცესის მხოლოდ პროცედურული დეტალი არაა. ამ წესით საკანონმდებლო ინიციატივათა განხილვის როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი მაჩვენებელი დელიბერაციული დემოკრატიის ხარისხის არსებითი ინდიკატორია. დაგეგმილი საკანონმდებლო რეგულაციების სიღრმისეული განხილვა, მასში საზოგადოების მაღალი ჩართულობა და მათი მხრიდან კანონების შინაარსზე ზეგავლენის შესაძლებლობა პირდაპირ აისახება მათ ლეგიტიმაციასა და ხარისხზე. კანონშემოქმედებით პროცესში საგამონაკლისო პროცედურების არამიზნობრივად გამოყენება კი სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

საია დაინტერესდა, საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტები რა მიზეზით ითხოვდნენ კანონპროექტთა დაჩქარებული წესით განხილვას და რა შემთხვევებში (როგორი ტიპის კანონპროექტებთან დაკავშირებით) არ აკმაყოფილებდა ბიურო/პლენარული სხდომა მათ ამ მოთხოვნას. ორგანიზაციამ შეისწავლა მე-8, მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში დაჩქარებული წესით კანონპროექტთა განხილვის ტენდენციები. მთლიანობაში დაფარულია დაახლოებით 10 წლიანი პერიოდი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს ბოლო 3 მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვისა და მიღების მაღალი მაჩვენებელია - ბოლო სამ მოწვევაში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტებმა პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების დაახლოებით 21%-ზე მოითხოვეს დაჩქარებული წესით განხილვა, საბოლოოდ კი დეპუტატებმა მთლიანობაში წარდგენილი ინიციატივების 13% მიიღეს ამ პროცედურით (რაც ინიციატორთა შუამდგომლობების 63%-ს შეადგენს); ინიციატივათა დიდ ნაწილში გამოვლინდა დაჩქარებული წესით განხილვის დასაბუთების ნაკლებობაც.

უფრო დაწვრილებით, საიას კვლევის შედეგები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.