სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კლიმატის ცვლილება და ბავშვები

2023-06-01 11:00
Featured image

1 ივნისს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისი ერთ-ერთი მიზანი ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წამოწევაა. UNICEF-ის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით დედამიწაზე თითქმის ყველა ბავშვი არის კლიმატის ცვლილებითა და გარემოს დაზიანებით გამოწვეული მინიმუმ ერთი ისეთი საფრთხის წინაშე მაინც, როგორიც, შესაძლოა, იყოს გაძლიერებული და გახშირებული სითბური ტალღები, ციკლონები, ჰაერის დაბინძურება, წყალდიდობა და სუფთა წყლის დეფიციტი.[1] 850 მილიონი ბავშვი (მსოფლიოს ბავშვების დაახლოებით მესამედი) კი, მინიმუმ ოთხი ამგვარი საფრთხის წინაშე იმყოფება, რაც განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნით მათ, ცხოვრობდნენ, თამაშობდნენ და ვითარდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.[2] ამიტომ, ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხების განხილვა და მეტი ინფორმაციის მიღება, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ბავშვებსა და მომავალ თაობებზე და როგორ უნდა დავიცვათ ისინი კლიმატის ცვლილებისგან მომავალი საფრთხეებისგან.

 

კლიმატის ცვლილება და ადამიანის უფლებები

როგორც უკვე საყოველთაოდ ცნობილია, ანთროპოგენული - ადამიანის მიერ გამოწვეული -კლიმატის ცვლილება თანამდროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს.[3] ამ პროცესის თანმდევი უარყოფითი შედეგები, მაგალითად, წყლის დონის ზრდა, გახშირებული და გაძლიერებული ხანძრები, წყალდიდობა, გვალვა, სითბური ტალღები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები, საფრთხეს უქმნის თანამედროვე და მომავალი თაობების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ღირსეულ არსებობას, განვითარებას და მთელ რიგ სხვა ძირითად უფლებებს.[4] სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ზრუნავდნენ, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილების შერბილებაზე, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობდნენ მოსახელობას, დაძლიონ და გაუმკლავდნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უკვე დამდგარ შედეგებს.[5] 

 

კლიმატის ცვლილების გავლენა ბავშვებზე

კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის ყველა ადამიანს, თუმცა ბავშვები მის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.[6] ეს ნიშნავს იმას, რომ, თავიანთი განსაკუთრებული მეტაბოლიზმის, ფიზიოლოგიისა და განვითარების საჭიროებებიდან გამომდინარე, ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, მათ ნაკლებად შეუძლიათ კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან გამკლავება.[7] სწორედ ამიტომ, ხშირად კლიმატის ცვლილების კრიზისს ბავშვთა უფლებების კრიზისსაც უწოდებენ და, UNICEF-ის მიხედვით, დღესდღეობით ბავშვებისა და მომავალი თაობებისთვის, შესაძლოა, არც არსებობდეს უფრო დიდი და მზარდი საფრთხე, ვიდრე კლიმატის ცვლილებაა.[8]

კლიმატის ცვლილების თანმდევი გახშირებული ბუნებრივი კატასტროფები ბავშვებს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, უზღუდავს წვდომას სიცოცხლისა და განვითარებისთვის საჭირო ელემენტარულ პირობებზე - სუფთა ჰაერზე, სასმელ წყალზე, საკმარის საკვებზე, უსაფრთხო თავშესაფარსა და ა.შ.. ამგვარ პირობებში ბავშვები, რომლებსაც ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით სუსტი იმუნური სისტემა და საფრთხეებთან გამკლავების ნაკლები უნარები აქვთ, მეტად ზიანდებიან არასრულფასოვანი კვების, გავრცელებული დაავადებებისა და ტრავმებისგან, რაც აისახება კიდეც ახალგაზრდების სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელში.[9] მაგალითისთვის, გაუარესებული გარემო პირობები და დაბინძურებული ჰაერი მეტად მოქმედებს ბავშვებზე, ვინაიდან ისინი სუნთქავენ ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ზრდასრული ადამიანები და ამიტომ ისინი დგანან რესპირატორული ინფექციებით (პნევმონია, ასთმა და სხვა) დაავადების მომეტებული საფრთხის წინაშე.[10] ბავშვები, ასევე, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან დაბინძურებული წყლის მოხმარების, უწყლობით გამოწვეული ანტისანიტარიის, არაადეკვატურ ჰიგიენურ პირობებთან დაკავშირებული დაავადებების მიმართ (მაგალითად, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები).[11]

გარდა ფიზიკური საფრთხეებისა, კლიმატის ცვლილება უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მათ განსაკუთრებული სტრესი ადგებათ კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული იძულებითი მიგრაციის, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში და სხვა.[12]

კლიმატის ცვლილება, ასევე, ხელს უშლის ბავშვებს, მიიღონ სათანადო განათლება.[13] მაგალითად, ხშირად კლიმატის ცვლილების თანმდევი ბუნებრივი კატასტროფების გამო, შესაძლოა, გარკვეული დროით დაიხუროს სკოლები და ბავშვებს შეეზღუდოთ სწავლის შესაძლებლობა. ამასთან, გაუარესებული სამეურნეო პირობების გამო, ოჯახებს სხვადასხვა მეურნეობაში, შესაძლოა, დასჭირდეთ ბავშვების დახმარება და მათ ვეღარ მოახერხონ სასკოლო განათლების მიღება.

აქედან გამომდინარე, კლიმატის ცვლილება, ერთი მხრივ, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მეორე მხრივ კი, ხელს უშლის მათ სათანადოდ განვითარებას.

 

კლიმატის ცვლილება, ბავშვები და საქართველო

საქართველოში ბავშვთა უფლებები აღიარებული და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და სხვა საკანონდებლო აქტებით. კონკრეტულად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, პატივის სცეს და დაიცვას ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ღირსების, კეთილდღეობის, განათლების, განვითარების უფლებები და მისი სხვა ინტერესები.[14] შესაბამისად, ვინაიდან კლიმატის ცვლილება ამ უფლებებით სათანადოდ სარგებლობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ისინი კლიმატის ცვლილების თანმდევი საფრთხეებისგან.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების კონტექსტში ბავშვთა დაცვის რამდენიმე საკითხს უკვე ასახავს საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტიც, რომლის წარდგენისა და შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ნაკისრი აქვს პარიზის შეთანხმების ქვეშ.[15] ამ დოკუმენტის მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გავლენაზე დაკვირვებით, ცხადი გახდა, რომ ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ.[16] ამ დოკუმენტით საქართველომ აიღო ვალდებულება, უკეთ შეისწავლოს და გამოავლინოს ბავშვების საჭიროებები და სათანადოდ ასახოს ისინი ეროვნულ საადაპტაციო გეგმაში. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა საადაპტაციო ღონისძიებით, მაგალითად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნით, უზრუნველყოს ბავშვებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო და ეფექტიანად დაიცვას ისინი სხვადასხვა სტიქიური მოვლენისა და კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე სხვა საფრთხეებისგან.

ეს დოკუმენტი ცალკე გამოყოფს კლიმატის ცვლილების კუთხით ბავშვების შესაბამისი განათლებით უზრუნველყოფისა და მათთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების საჭიროებას. ამ საკითხების ირგვლივ ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა მათ სწორად განსაზღვრონ თავიანთი როლი კლიმატის ცვლილების კონტექსტში და შეძლონ მისგან მომდინარე გარკვეული რისკებისა და საფრთხეების თავიდან არიდება. უმნიშვნელოვანესია, შეიცვალოს საქართველოში სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემა და სასწავლო გეგმებში ინტეგრირებული იყოს კლიმატის ცვლილების საკითხები. ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა ისწავლონ, თუ რა გავლენა აქვთ მათ გარემოზე, როგორ შეუძლიათ, იცხოვრონ მდგრადობის პრინციპების შესაბამისად, დაიცვან თავი საფრთხეებისგან, ჩაერთონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში და გააგონონ თავიანთი ხმა ზრდასრულ ადამიანებსა / გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

ბავშვები არ უნდა დავინახოთ, როგორც მხოლოდ და მხოლოდ კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი ჯგუფი, მათ შეუძლიათ, იყვნენ ცვლილების მომტანი ძალა. ისინი არიან თაობა, რომლებზეც ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილება, ამიტომ მათ  ყველაზე დიდი ინტერესი აქვთ, რომ გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქციონ. იმისთვის კი, რომ ბავშვებმა მიაღწიონ ამ მიზანს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს სათანადო განათლების სისტემა. სწორედ სათანადო ინფორმაცია და შესაბამისი განათლება აყალიბებს საზოგადოებას, რომელიც აღჭურვილია კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლი შესაბამისი უნარებითა და ცოდნით, გათვითცნობიერებულია გარემოს დაცვისა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების საკითხებში; შესწევს ძალა, სახელმწიფოს მოსთხოვოს, აუცილებელი ზომების მიღება და კლიმატის ცვლილებასთან ეფექტიანი ბრძოლა.  

მსოფლიოს მასშტაბით უკვე არსებობს კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო არაერთი მოძრაობა, რომელსაც სწორედ ბავშვები და ახალგაზრდები უდგანან სათავეში, მაგალითად, “YOUNGO”.[17] ისინი აქტიურად არიან ჩართული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მათ შორის, გაეროს საქმიანობაში. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ბავშვთა ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობა აღიარებულია გლაზგოს კლიმატის პაქტითაც, რომლის მიხედვითაც, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა მოითხოვს ყველა პირის, მათ შორის, ბავშვების ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.[18] აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ დონეზეც, საქართველოში, სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ბავშვებს მიეცეთ საშუალება, აქტიურად იყვნენ ჩართულები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის, წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების შემადგენლობაში საერთაშორისო დონეზე.[19] მათი ინტერესები და უფლებები გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე.

საერთაშორისო დონეზე სულ უფრო და უფრო ხშირი ხდება სასამართლო დავებიც, სადაც უშუალოდ ბავშვები თავიანთი და მომავალი თაობების ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის მოითხოვენ სახელმწიფოებისგან, მიიღონ სათანადო ზომები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის შედეგებთან ადაპტაციის კუთხით.[20]

აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მსოფლიოს მასშტაბით თანდათან იზრდება ბავშვების როლი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ პროცესებში, რაც ბუნებრივია, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ის თაობა, რომელსაც ყველაზე ნაკლები წვლილი მიუძღვის თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამოწვევაში და მიუხედავად ამისა, სწორედ მათზე აისახება ყველაზე მეტად მისი უარყოფითი შედეგები. ამიტომ, მნიშნელოვანია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მეტად პოპულარიზაცია საქართველოში და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა მექანიზმის შექმნა და გამოყენება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სათანადო ჩართულობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებში.

 


[1]UNICEF, “The Climate Crisis is a Child Rights Crisis: The Children’s Climate Risk Index”, Summary Report (2021) 4, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3otqWxn, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[2] იქვე.

[3] UN, Climate Action, ხელმისაწვდომია: https://www.un.org/en/climatechange, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[4] Office of the United Nations High Commissioner for Human Rights (‘OHCHR’), ‘Safe Climate: A Report of the Special Rapporteur on Human Rights and the Environment’ (2019) UN Doc A/74/161.

[5] კლიმატის ცვლილების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია, 1992, მუხლი 4.

[6]UNICEF, “The Climate Crisis is a Child Rights Crisis: The Children’s Climate Risk Index”, Summary Report (2021) 9, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3otqWxn, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[7] OHCHR, “Climate Change and the Full and Effective Enjoyment of the Rights of the Child (2015) UN Doc A/HRC/35/13.

[8] UNICEF, “Unless We Act Now: The Impact of Climate Change on Children” (2015) 10, ხელმისაწვდომია: bit.ly/3WDmd91, ბოლო ნახვა: 24.04.2023.

[9] UNICEF, “Unless We Act Now: The Impact of Climate Change on Children” (2015) 10, ხელმისაწვდომია: bit.ly/3WDmd91, ბოლო ნახვა: 24.04.2023.

[10] იქვე.  

[11] იქვე.

[12] OHCHR, „Analytical Study on the Relationship between Climate Change and the Full and Effective Enjoyment of the Rights of the Child” (2017) UN Doc A/HRC/35/13, 6.

[13] UNESCO, “How Climate Change and Displacement Affect the Right to Education”, ხელმისაწვდომია: bit.ly/3q9nKaV, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[14] საქათველოს კანონი ბავშვის უფლებათა კოდექსი (2019) მე-2 თავი.

[15]საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC) (2021) ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/50125, ბოლო ნახვა: 28.02.2023.

[16] იქვე, 12.

[17] The Official Children and Youth Constituency of the United Nations Framework Convention on Climate Change (UNFCCC), „About Us”, ხელმისაწვდომია: https://youngoclimate.org/about-us/, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[18] The Conference of the Parties to the UNFCCC, “Glasgow Climate Pact” (2021) Decision -/CP.26.

[19] UN Youth4Climate, “Manifesto” (2021) art 1.1.1, ხელმისაწვდომია: https://unfccc.int/sites/default/files/resource/Youth4Climate-Manifesto.pdf, ბოლო ნახვა: 24.05.2023.

[20] მაგ.: Sacchi, et al. v. Argentina, et al..