სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

2020-01-20 15:20
Featured image

დამოუკიდებელი ინსპექტორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ, 13 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად ახალი კონკურსი გამოაცხადა.[1] კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადად 17 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.[2] არსებული წესის მიხედვით, საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში უნდა გამოაცხადოს ახალი კონკურსი.[3] თუმცა გადაწყვეტილების მიღების ვადები განსაზღვრული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ 14-15 იანვარს დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატებთან გასაუბრებები დახურულ რეჟიმში ჩაატარა ისე, რომ რაიმე ინფორმაცია მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებზე, ასევე გასაუბრებების შესახებ, ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია.

უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა, დახურულ ფორმატში ჩატარებული გასაუბრებების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ასევე არ მოგვეცა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. სასამართლო სისტემაში კლანის გავლენების და მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული მანკიერი გარიგების გათვალისწინებით, კონკურსის გაუმჭვირვალედ ჩატარება კიდევ უფრო ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიმართ საზოგადოების ნდობას.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი „მესამე ტალღის“ რეფორმის ფარგლებში შეიქმნა და დაევალა მოსამართლის სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და ყოველმხრივი გამოკვლევა და წინასწარი შემოწმება.[4] სამწუხაროდ, კანონმდებლობით ამ დრომდე არ არის შექმნილი აღნიშნული მექანიზმის საქმიანობისთვის აუცილებელი დამოუკიდებლობის სათანადო გარანტიები. მას თანამდებობაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შერჩევა-დანიშვნის პროცესზე მინიმალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ საბჭოს არამოსამართლე წევრებს.[5]

ამასთან, საბჭოს მიერ დადგენილი შერჩევის წესი არ განსაზღვრავს მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, კერძოდ: როგორ ტარდება კონკურსის მეორე ეტაპი (კრიტერიუმები, გასაუბრების ჩატარების წესი, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხები, შეფასება და მისი დასაბუთება), არ არის დადგენილი კონკურსის ჩატარების ძირითადი პრინციპები (ობიექტურობა, საჯაროობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და სხვა).[6] აღნიშნული ხარვეზები საბჭოს თვითნებობის ფართო შესაძლებლობას აძლევს, რაც წინა დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის დროსაც დადასტურდა.[7]

ამ ფონზე, კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, შეაჩეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი და მხოლოდ შერჩევის საკონკურსო წესის სრულყოფის შემდეგ განაახლოს ის. ასევე, შერჩევის პროცესში საბჭომ უზრუნველყოს კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობების გამოქვეყნება და მათთან გასაუბრებები წარმართოს ღია სხდომაზე.

 

 

 

 


[1] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 13 დეკემბრის #1/346 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/files/pdf%20gadacyvetilebebi/2019%20-%20gadawyvetilebebi/346.pdf, განახლებულია: 17.12.2019.

[2] იქვე.

[3] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 272 მუხლის მე-10 პუნქტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2QZ3XFK, განახლებულია: 17.12.2019.

[4] საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის 1-ლი პუნქტი.

[5] დამოუკიდებელი ინსპექტორის დანიშვნის პროცედურების შეფასებისთვის იხ., ნოზაძე ნ., შერმადინი ო., იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის №7 ანგარიში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, თბილისი, 2019, გვ. 50-51.

[6] იქვე.

[7] კოალიცია უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის გაუმჭვირვალედ მიმდინარეობას, ხელმისაწვდომია - http://coalition.ge/index.php?article_id=171&clang=0, განახლებულია: 16.01.2020