სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია ,,მედია ადვოკატირებისთვის’’ განცხადება ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით

2014-02-20 06:52
Featured image
18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები. 
 
ვფიქრობთ, რომ ასეთი დაჩქარებული წესით, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცება არ მოდის შესაბამისობაში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპთან. 
 
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილ კანონში ცვლილებების პროექტის მე-2  მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გავრცელებისათვის შპს ,,ტელერადიო ცენტრს" გადაეცემა უსასყიდლოდ სიხშირული რესურსი საკუთარი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობისათვის, ასევე გადაეცემა შიდა ტექნოლოგიური დანიშნულების სიხშირეები. შპს ,,საქართველოს ტელერადიოცენტრის" 100%-იანი წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო და მის მიერვე კონტროლდება. კანონპროექტით შემოთავაზებული აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტა არ მოდის შესაბამისობაში საქართველოს კანონის ,,მაუწყებლობის შესახებ" განსაზღვრულ პრინციპებთან, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი  უნდა იყოს  პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან. 
 
წარმოდგენილი მოდელის შესაბამისად, ქსელის მფლობელი იქნება შპს ,,საქართველოს ტელერადიო ცენტრი", ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მულტიპლექს პლატფორმის მართვას განახორციელებს არა თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ შპს ,,საქართველოს ტელერადიო ცენტრი", რომელიც კონტროლდება ქვეყნის მთავრობის, როგორც წილის მფლობელის მიერ და შესაბამისად, საზოგადოებრივი მედიის შეზღუდვის რისკი ჩნდება. საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს და უპირველეს ყოვლისა შეეხება კონტენტის გავრცელების მოდელის მაქსიმალურ დისტანცირებას სახელმწიფოსაგან. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ სიხშირის გადაცემა უნდა მოხდეს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რომ უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს მულტიპლექს პლატფორმის მმართველი, რომელიც დაეფუძნება შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის" პასიურ ქსელს. 
 
ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გავრცელების წარმოდგენილი  მოდელი არ მოდის შესაბამისობაში ევროპის კავშირის ფუქნციონირების შესახებ შეთანხმების ბოლო რედაქციის 107-109-ე მუხლებთან.  ევროპის კავშირის ფუნქციონირების  შეთანხმება-ს 107-ე მუხლი ადგენს ე.წ. ტესტს სახელმწიფო დახმარებისათვის.  ევროპის კავშირის ფუნქციონირების შეთანხმების 107(1) მუხლი ადგენს ძირითად პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო დახმარება არ არის თავსებადი ქვეყნის შიდა ბაზრის პრინციპებთან (ე.წ. არათავსებადი დახმარება). 
 
აგრეთვე საფრთხის შემცველია, რომ დღეს მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზირების წესისგან განსხვავებით, სატელევიზიო ქსელის მფლობელი შეიძლება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია იყოს.
 
 
კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
 
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
• საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
• რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
• მედიაკლუბი
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
• ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
• არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი