სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ და „ინფო 9“-თან დაკავშირებით

2013-08-26 01:42
Featured image
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის’’ იზიარებს არგუმენტებს ტელეკომპანია “მეცხრე არხისა“ და „ინფო 9’’-ის გასხვისების თაობაზე. ამავდროულად, როგორც მედიის ინტერესების დამცველ ორგანიზაციას, გვაშფოთებს ტელეარხის ფორსმაჟორულ ვითარებაში გაყიდვის პერსპექტივა, რადგან ვხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლებელია ტელეკომპანია გადავიდეს  პოლიტიკურად დაინტერესებული პირის ან ჯგუფის ხელში  და იქცეს პროპაგანდის იარაღად. ამგვარი გადაწყვეტილება პირდაპირ დააზიანებს როგორც მედიაპლურალიზმს, ასევე მედიის ბაზარს.
 
მედიაბაზარზე უარყოფითად იმოქმედებს არხის რომელიმე კერძო პირისათვის ღირებულების მესამედ ფასში გადაცემაც. შემაშფოთებელია ამა თუ იმ მედიაორგანიზაციის მუშაობის სრულად შეჩერებაც,  რადგან მსხვილი სატელევიზიო არხის როგორც სწრაფი გაჩენა, ისე გაქრობა იწვევს არასასურველ რყევებს.
 
ჩვენთვის გასაგებია და ახლოა წუხილი იმ ადამიანების ბედის გამო, რომლებიც დასაქმებულნი იყვნენ „მეცხრე არხსა“ და „ინფო 9”-ში. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ადამიანების მედიასფეროში საქმიანობის გაგრძელებისათვის ხელშეწყობა.
 
კოალიცია “მედიის ადვოკატირიბისთვის“ იმედს გამოთქვამს, რომ „მეცხრე არხისა“ და „ინფო 9“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოყენებული იქნება არაერთხელ დეკლარირებული სურვილის ასასრულებლად - გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება.
 
ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია არხის გასხვისების გადავადებაც: „მეცხრე არხის“, რომელიც აქამდეც საცდელ მაუწყებლობას ახორციელებდა, პროგრამები უკვე შეწყვეტილია. კანონმდებლობა საშუალებას იძლევა  კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების შემთხვევაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში  არ ხორციელდებოდეს მაუწყებლობა. ამ გზის გამოყენება მოხსნის იმ წინასაარჩევნო უთანაბრობას, რომელზეც არის საუბარი განცხადებაში, ხოლო არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი იქნება, მშვიდ გარემოში და ღიად იქნეს უზრუნველყოფილი არხის გასხვისება.
 
ვიმედოვნებთ, რომ „მეცხრე არხსა“ და „ინფო 9”-თან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება შექმნის შესაძლებლობას მივიღოთ მედიაორგანიზაცია, რომელიც დაზღვეული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ხელს შეუწყობს მედიაგარემოს შემდგომ გაჯანსაღებას.