სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კვლევის პრეზენტაცია „ფემიციდის საქმეების განაჩენები - 2014“

2016-04-04 14:19
Featured image

2016 წლის 4 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  კვლევის „ფემიციდის საქმების განაჩენები - 2014“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზანია, საქართველოში 2014 წლის მანძილზე მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენებზე დაყრდნობით, გააანალიზოს ბრალდებისა და სასამართლო ორგანოთა რეაგირების ადეკვატურობა ამ ტიპის დანაშაულებზე.

კვლევის ფარგლებში გაანალიზებულმა 12 გამამტყუნებელმა განაჩენებმა ფემიციდის საქმეებზე ცხადყო, რომ სასამართლო და ბრალდების ორგანოები მნიშვნელოვანი ხარვეზებით მოქმედებენ ფემიციდის დანაშაულის იდენტიფიცირების, დანაშაულის მოტივის გამოკვეთის, კვალიფიკაციის, დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების განსაზღვრისა და დამნაშავისთვის სასჯელის შეფარდების დროს.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული სირთულის აღმოსაფხვრელად აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდეს შემდეგი ნაბიჯები:

- დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ განისაზღვროს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება;

- საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის და, განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ ფემიციდის/გენდერული დანაშაულის ჩადენა უნდა განისაზღვროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება;

- საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოება;

- გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებისთვის უნდა მოხდეს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეტალური მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს შემუშავება;

- მოსამართლემ უნდა იმსჯელოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლის, განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიერ ფემიციდის ჩადენის სიმწვავეზე და, აღნიშნული პირების მიერ გენდერული/ოჯახური დანაშაულის ჩადენა მიიჩნიოს, როგორც დამამძიმებელი გარემოება;

- სასამართლომ ფემიციდის დანაშაულებზე განაჩენი უნდა გამოიტანოს ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციისა და სუბორდინაციის ზოგადი კონტექსტის გათვალისწინებით.

კვლევა მომზადდა პროექტის - “საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” ფარგლებში, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე