სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

“მედია კოალიციის” განცხადება ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე

2020-01-30 18:52
Featured image

"მთავარი არხის" მიერ დღეს, 2020 წლის 30 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე არხის დირექტორს ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

ნიკა გვარამია სასამართლოში "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელის გიორგი რურუას წარმომადგენელი იყო, დღესვე ჩანიშნულია მისი სასამართლო სხდომაც.

ინციდენტის შედეგად ნიკა გვარამიამ სხეულის დაზიანება მიიღო, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია დაიკითხა თუ არა თვითმხილველი რომელიმე პირი და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.

ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები.

კოალიცია გააგრძელებს აღნიშნული ინციდენტის შესწავლას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას."