სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მთავარი პროკურორის ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გადამოწმდეს

2013-12-24 07:25
Featured image
გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავარი პროკურორის გერმანიაში ნასამართლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების ნაწილისთვის აღნიშნული ინფორმაცია არაოფიციალურად ცნობილი გახდა გახმაურებამდე და ვცდილობდით მისი ნამდვილობის ოფიციალურად გადამოწმებას, რათა ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელებას ზიანი არ  მიეყენებინა სამართალდამცავი ორგანოს იმიჯსა და სანდოობისათვის. რადგან ინფორმაცია უკვე გასაჯაროვდა, უნდა გაირკვეს მისი ნამდვილობა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ოფიციალურად გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და გააცნოს საზოგადოებას. 
 
აქვე გვსურს ვუპასუხოთ კითხვებს იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს ზოგადად ნასამართლევ პირს მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების უფლება: ,,პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის ,,ა" პუნქტის თანახმად, ,,პროკურატურაში სამუშაოდ არ მიიღება ნასამართლევი პირი". თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის მოხდიდან 8 წლის გასვლის შემდეგ ნასამართლობა ქარწყლდება ნებისმიერი სახის დანაშაულზე. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტებით, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გაქარწყლებული ნასამართლობა ვერ ჩაითვლება რაიმე თანამდებობის და, მათ შორის, მთავარი პროკურორის თანამდებობის დაკავების დამაბრკოლებელ გარემოებად. თუმცა, ამ მიმართულებით საბოლოო შეფასების გაკეთება რთულია, სანამ ცნობილი არ გახდება საქმის კონკრეტული დეტალები, მათ შორის, განაჩენის აღსრულების, საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციის დეტალები და სხვა. 
აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ,,ყაჩაღურ ქურდობაში" მსჯავრდებულმა პირმა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავოს, ეს ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს პროკურატურის იმიჯსა და რიგითი მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი ორგანოსადმი ნდობის ხარისხზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ფარცხალაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შეკითხვები ჩნდება არამხოლოდ ფარცხალაძის, არამედ იმ პირების მიმართაც, რომლებიც მონაწილეობდნენ მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში. შეკითხვების ასევე უკავშირდებათ იმ პირების, რომლებიც გასულ წლებში გადაწყვეტილებას იღებდნენ ფარცხალაძის საჯარო სამსახურში დანიშვნის შესახებ. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მყისიერად იქნეს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია და თუ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პრემიერ- მინისტრმა, როგორც მთავარი პროკურორის დანიშვნა-გათავისუფლებაზე პასუხისმგებელმა თანამდებობის პირებმა, მიიღონ გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 
 
გარდა აღნიშნულისა, საქართველოს მთავარ პროკურორს მოვუწოდებთ, თავად გასცეს პასუხი როგორც მის ნასამართლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე იმ კითხვებს, რაც მისი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ დაისვა. ,,პროკურატურის შესახებ" კანონის სავალდებულო  მოთხოვნაა, რომ ნებისმიერი რანგის პროკურორი იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. უკვე მერამდენე დღეა, რაც პრესაში აქტიურად იწერება სტატიები და ისმება კითხვები იმის შესახებ თუ როგორ მიიღო 1976 წელს დაბადებულმა ოთარ ფარცხალაძემ 1995 წელს (ანუ მაქსიმუმ 19 წლის ასაკში) უმაღლესი იურიდიული განათლება. ასევე გასარკვევია ,,საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი" იყო თუ არა იმ დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შექმნილი უმაღლესი სასწავლებელი, როდიდან ჰქონდა აღნიშნულ უნივერსიტეტს იურიდიული ფაკულტეტი და ა.შ. ამ დრომდე აღნიშნულ კითხვებზე მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან ვისმენთ არასათანადო პასუხებს, რაც არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”