სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ნამახვან ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციის დაშლისას დაკავებულ პირს სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა

2021-01-31 16:09
Featured image

2021 წლის 30 იანვარს ნამახვან ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები მობილიზდნენ, რომლებიც აქტივისტებს არ აძლევდნენ კარვებთან მიახლოების შესაძლებლობას.მიუხედავათ იმისა, რომ მოსახლეობის პროტესტს ჰქონდა მშვიდობიანი ფორმა, პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. დაშლისას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 1 პირი დააკავა. იგი აქციას ქ. თბილისიდან 2021 წლის 30 იანვარს შეუერთდა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ითხოვდა  ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას. 

დაკავებული აქციის მონაწილის მიმართ პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძვლით შეადინა.

დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა დაკავებულის სამართალდარღვევის საქმეზე. სასამართლომ აქციის მონაწილე გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობიდან, გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა  და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მის ინტერესებს საია იცავდა.