სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლებსა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს სასამართლოს მეშვეობით ფულადი კომპენსაციის მიღება შეუძლიათ

2011-05-21 13:18
Featured image

 

დღეს, 21 მაისს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა პრესკონფერენცია გამართა. ბრიფინგის თემას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებსაქართველოს კანონსა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შეტანილი უახლესი ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეთათვის შეიქმნა ფულადი კომპენსაციის მიღების მექანიზმი.

 

მანამდე მოქმედი, ჯერ კიდევ 1997 წელს მიღებული ნორმებით, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლები და მათი პირველი რიგის მემკვიდრეები ფულად კომპენსაციას ვერ იღებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს ძმებმა - კლაუს და იური კილაძეებმა მიმართეს. მათ სამართლებრივ მხარდაჭერას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა. 2010 წლის 2 თებერვალს საქმეზე ”კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ” გამოტანილ გადაწყვეტილებაში სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა როგორც ფულადი კომპნესაციის გადახდა ძმებისათვის 4000-4000 ევროს ოდენობით, ასევე, ზოგადი მნიშვნელობის ღონიძიებების გატარებაც, რომელიც იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების უფლებების რეალიზებას მოახდენდა.

სწორედ სტრასბურგის სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების აღსრულებას უკვაშირდება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომელიც გუშინ, 18 მაისს გამოქვეყნდა და 19 მაისს შევიდა ძალაში (იხ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნა მოცემულ კანონპროექტებზე).

დღეიდან - 2014 წლის 1 იანვრამდე, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლებსა და მათი პირველი რიგის მემკვიდრეებს უფლება აქვთ ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით მიმართონ მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. კანონით, კომპენსაციის ოდენობა დადგენილი არ არის. თითოეულმა მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს  მოთხოვილი კომპენსაცია, ხოლო მის საბოლოო ოდენობას  განსაზღვრავს სასამართლო რეპრესიის სხვადასხვა ფორმის სიმძიმის, აგრეთვე რეპრესირებული პირს ან მისი პირველი რიგის მემკვიდრის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის რამდენიმე პირველი რიგის მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში მათზე გაიცემა ერთიანი ფულადი კომპენსაცია.

 

სასამართლომ სარჩელი 2 თვის ვადაში უნდა განიხილოს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ უკანასკნელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

პირ, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით, უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის 19 მაისის ჩათვლით.