19 წლის ვარლამ ფხაკაძის მკვლელობის მონაწილეებს მსუბუქი განაჩენი გამოუტანეს

26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში მოკლულ ვარლამ ფხაკაძის მკვლელობის მონაწილეებს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით ქუთაისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიესაჯათ:
ივანე კაპატაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 114-ე (მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით) და 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
დავით მინაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, მათ შორის 1 წელი 6 თვე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი;
კახა გაბუნია და ავალო გაბრიჭიძე ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურეობრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) და სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომელსაც პირობითად მოიხდიან, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნათ ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ივანე კაპატაძის, კახა გაბუნიას, ავალო გაბრიჭიძის და დავით მინაშვილის მიმართ გამოირჩევა განსაკუთრებული სიმსუბუქით, მათთვის შეფარდებულია წაყენებული ბრალდების შესაბამისი მუხლების სასჯელის მინიმალური ოდენობა.
 19 წლის ვარლამ ფხაკაძე პატრულის თანამშრომლებმა 2006 წლის 7 დეკემბერს მოკლეს. მას მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
 2006 წლის 22 დეკემბრიდან საიას ქუთაისის ფილიალი ახორციელებს საადვოკატო მომსახურებას ქუთაისში ბორის ფხაკაძის მიმართ შვილის ვარლამ ფხაკაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
 სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების წინაშე ჩვენს მიერ დაყენებულ იქნა შუამდგომლობა  კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, კერძოდ 114-ე მუხლი  გადაკვალიფიცირებულიყო 108-ე მუხლით, რომელი შუამდგომლობაც არ დაკმაყოფილდა.
საია საქალაქო სასამართლოს განაჩენის აპელაციის წესით გასაჩივრებას აპირებს.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge