საია-მ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში - წარმოადგინა

სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში პირველი ერთწლიანი ანგარიშია, რომელშიც შეფასებულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და ზუგდიდი, თელავის რაიონულ სასამართლოებში მიმდინარე სხდომებზე Covid-19_ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გავლენა. 

ანგარიშში ასახულია, როგორც სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა გარეშე მიმდინარე სხდომების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები, აგრეთვე შეფასებულია დისტანციური სამართალწარმოების დადებითი და უარყოფითი მხარეები.  შეფასებულია მხარეებისა და სასამართლოს მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონმდებლობასთან და გაანალიზებულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც Covid-19_ის პანდემიამ დააყენა სასამართლო, მხარეები და პენიტენციური დაწესებულებები. შეფასებულია სისხლის სამართლის პროცესში პანდემიის გავლენით შესული ცვლილებები და მათი შედეგები. გაანალიზებულია პანდემიის შედეგად სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე და მოცემულია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები. 

ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების  მონიტორინგის  შედეგებს 2020 წლის მარტიდან  - 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. აგრეთვე  მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითადი ტენდენციებს.  

სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგმა  გამოავლინა:

დისტანციურ სხდომებზე არსებული მიგნებები:

კოვიდ-19 პანდემიამ არსებითი გავლენა მოახდინა საჯარო განხილვის უფლებაზე. სხდომები საჯაროდ ყოველთვის არ ქვეყნდება. განსაკუთრებული სიმწვავით კი ეს პრობლემა თავს იჩენს პირველი წარდგენის სხდომებზე.

- გამოვლინდა, რომ პრობლემურია პენიტენციური დაწესებულებებიდან პატიმართა დისტანციურ სხდომებზე ჩართვა. არასაკმარისი ტექნიკური საშუალებები და მათი მოხმარების მცოდნე პერსონალის ნაკლებობა იწვევს პატიმართა რიგებს, რის გამოც ხშირია სხდომების გადადებისა და დაგვიანებით დაწყების შემთხვევები. ამ მიზეზით დაგვიანდა 471 სხდომიდან 135 (27%) სხდომის დაწყება. 

დისტანციური სხდომების ყველაზე დიდი გამოწვევაა ტექნიკური ხარვეზები, უმრავლესად ეს შეეხება დისტანციური ჩართვისთვის საჭირო პროგრამულ უზრუნველყოფას. ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა 156 შემთხვევაში, საიდანაც  146 (94%) შეეხებოდა სწორედ დისტანციურ სხდომას.

პრობლემურია დისტანციურ სხდომებზე მტკიცებულებების გამოკვლევა. დაფიქსირდა 6 შემთხვევა, როდესაც ნივთიერი მტკიცებულება დისტანციურ სხდომაზე გამოიკვლიეს. დისტანციურად მიმდინარე სხდომების უმრავლესობა მხარეთა თხოვნით ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევის მიზნით იდებოდა.

- 180 შემთხვევაში მოწმეები დაიკითხნენ დისტანციურ სხდომაზე. მონიტორინგმა აჩვენა, რომ რისკების შემცველია მოწმეთა დისტანციურ სხდომაზე დაკითხვა, კერძოდ,  სასამართლოსთვის რთულია შეამოწმოს, ხომ არ იმყოფება მოწმესთან ერთად ვინმე ვინც უკარნახებს მას, რა უპასუხოს კონკრეტულ კითხვებზე ან/და მოწმე ხომ არ კითხულობს წინასწარ მომზადებულ ტექსტს.

დაფიქსირდა 7 შემთხვევა, როდესაც მოწმეები პოლიციის განყოფილებიდან იკითხებოდნენ. ეს ტოვებდა ეჭვებს, რომ საპოლიციო სივრცე თავისთავად, შესაძლოა, გამხდარიყო  მოწმეთათვის გარკვეული ფსიქოლოგიური ზემოქმედების შემცველი, რომ მიეცათ ბრალდების მხარის სასარგებლო/წინასწარ შეთანხმებული ჩვენება.

- პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა ადვოკატსა და ბრალდებულს შორის ეფექტური კომუნიკაციის არსებული პრობლემა. დისტანციური ჩართვებისას დაუცველი იყო ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კონფიდენციალური კომუნიკაცია.

- პანდემიის გავლენით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი ახალი დანაშაულის შემადგენლობა - სსკ-ის 248მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) და სსკ-ის 359მუხლის (საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ) სახით. ზემოაღნიშნულ ორ მუხლთან დაკავშირებით გამოთხოვილი 25 განაჩენის ანალიზი და სასამართლო სხდომებზე დაკვირვების შედეგები ცხადყოფს, რომ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ ყველა შემთხვევაში გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი.

- ამგვარი ბრალდების საქმეზე მსჯავრდებულ პირებს არსებითი განხილვის შედეგად უფრო მსუბუქი სასჯელი მიესაჯათ, ვიდრე საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრული სასჯელები იყო.

 

სათანადო სასამართლო კონტროლი:

 

- საია-ს მონიტორები დაესწრნენ  სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის 396 სხდომას 464 ბრალდებულის მონაწილეობით. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელმა ჯამში 98% შეადგინა. 196 (44%) შემთხვევაში სასამართლომ გამოიყენა გირაო, 240 (54%)-ის მიმართ პატიმრობა, 6 (2%) ბრალდებულის მიმართ შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. სასამართლომ არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენა პირადი თავდებობა. 16 (3%) შემთხვევაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ არ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. 

66 (27%) პირის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და 71 (36%) პირის მიმართ გამოყენებული გირაო იყო დაუსაბუთებელი ან სასამართლო სხდომაზე მიზანშეწონილობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

ბრალდების მხარე 333 (72%) ბრალდებულის მიმართ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა   93 (28%) ბრალდებულის შემთხვევაში. 

სასამართლომ  81(41%) შემთხვევაში გამოიყენა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.  საიდანაც 27 (33%) ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ე.წ საპატიმრო გირაო იყო დაუსაბუთებელი ან არასაკმარისად დასაბუთებული.

- პროკურატურის მიერ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების 85 (43%) შუამდგომლობიდან სასამართლომ 73 (86%) შემთხვევაში მოთხოვნილი თანხის ნაწილში არ მიიჩნია შუამდგომლობა დასაბუთებულად და შეამცირა გირაოს თანხის ოდენობა.

გირაოს 85 შუამდგომლობიდან ბრალდების მხარე მხოლოდ 2 შემთხვევაში ითხოვდა გირაოს მინიმალურ ოდენობას (1000 ლარს).

- პირველი წარდგენის 256 სხდომაზე 299 (64%) ბრალდებული წარსდგა სასამართლოს წინაშე დაკავებულის სახით.  255 (86%) შემთხვევაში, რადგან სხდომაზე არ მოხდა დაკავების კანონიერების განხილვა უცნობი დარჩა დაკავების საფუძველი. 4 შემთხვევაში  სასამართლომ დაკავება ცნო უკანონოდ.

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში საია-ს მონიტორები დაესწრნენ 444 წინასასამართლო სხდომას 539 ბრალდებულის მიმართ. დაცვის მხარემ 118 (26%) სხდომაზე ითხოვა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 8 პროცენტული ერთეულით ნაკლებია.  ეს, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე მტკიცებულებების მოპოვების გართულებასთან.

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც მოსამართლემ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმების თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა. საპროცესო შეთანხმება ყველაზე ხშირად გაფორმდა საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე 89 (32%), ნარკოტიკულ დანაშაულსა 67 (24%) და  ასევე სატრანსპორტო დანაშაულზე - 20 (7%) შემთხვევაში.

- წინა საანგარიშო პერიოდების მსგავსად საპროცესო შეთანხმების სხდომები მცირე დროში ტარდება. სხდომების 60% - 15 წუთამდე პერიოდში დასრულდა. გამოვლინდა 15 შემთხვევა, როდესაც საპროცესო შეთანხმების სხდომის ხანგრძლივობა 5 წუთს არ აღემატებოდა, საიდანაც ხუთი სხდომა მხოლოდ 1 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოსთვის კვლავ გამოწვევაა საქმეთა გაჭიანურება, რაც სხდომების დაგვიანებით დაწყებითა და გადადებით არის განპირობებული. 993 არსებითი განხილვის სხდომიდან, რომელსაც საიას მონიტორები დაესწრნენ, 412 (42%) გადაიდო.  სხდომები უმრავლესად იდებოდა პროკურორის მიერ მოწმეთა წარმოუდგენლობის (21%) ან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების (19%) მოტივით, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ასევე სხდომის გადადების მიზეზებს შორის სჭარბობდა პენიტენციური დაწესებულებების მიერ ბრალდებულთა  დისტანციურ სხდომაზე ჩართვის პრობლემა.

-  სხდომის დაწყება 1 საათის ან/და მეტი დროით დაგვიანდა 176 (37%) შემთხვევაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

- წინა წელთან შედარებით, 5 პროცენტული ერთეულით გაზრდილია გამამართლებელ განაჩენთა რაოდენობა. საია დაესწრო 161 პირის მიმართ მიმდინარე არსებითი განხილვის სხდომას, რომელზეც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. აქედან 130 (80%) შემთხვევაში განაჩენი იყო გამამტყუნებელი, 27 (17%) - გამამართლებელი, 3 (2%) -  ნაწილობრივ გამამართლებელი, 1 (1%) შემთხვევაში კი მოსამართლემ შეცვალა კვალიფიკაცია.  27 გამამართლებელი განაჩენიდან 11 (41%) შეეხებოდა ოჯახური ძალადობის დანაშაულს, რა დროსაც დაზარალებულმა თავი შეიკავა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან, რის გამოც ბრალდებულები გამართლდნენ.

- მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ოჯახური ძალადობის საქმეები კიდევ უფრო საყურადღებო გახდა არსებული შეზღუდვების ფონზე, როდესაც მსხვერპლებს მეტი დროის გატარება უწევდათ შინ, მოძალადეებთან ერთად. კვლავ პრობლემას წარმოადგენს ოჯახურ დანაშაულებზე დაზარალებულთა მიერ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების უფლებით სარგებლობა.

 

იხილეთ საქართველოს პროკურატურის მოსაზრებები საიას ანგარიშზე


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge