კოალიციის პოზიცია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის მიესალმება ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში რეფორმის გაგრძელების ინიციატივას და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებელი, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და განმტკიცება საქართველოში.

ამ მიზნით, კოალიცია ეხმიანება პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებულ ორგანული კანონის პროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიზანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტი ითვალისწინებს  მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ასევე მოსამართლეთა საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმებსა და წესს, რის საფუძველზეც, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მოხდება გადაწვეტილების მიღება, მოსამართლის უვადოდ დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ. 
 
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს  გამოსაცდელი ვადის პერიოდში მოსამართლის საქმიანობის ინტენსიურ მონიტორინგს (თანამდებობაზე გამწესებიდან 1, 2 და 3 წლის თავზე იუსტიციის საბჭოს 3 სხვადასხვა წევრის მიერ მისი საქმიანობის ინდივიდუალურად შეფასებას). ეს უკანასკნელი კი ითვალისწინებს „მოსამართლის გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის, მოსამართლის პროფესიული და მორალური რეპუტაციის, სასამართლო პროცესებზე გამოვლენილი მიუკეროებლობისა და სასამართლო სხდომის ეფექტური მართვის უნარის შეფასებას“. აღნიშნული დებულება განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ დასაბუთებულობისა და პროცესზე გამოვლენილი მიუკერძოებლობის შეფასება პრაქტიკულად ნიშნავს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსის შეფასებას, რაც ცალსახადაა აკრძალული როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ნორმებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 84(3) მუხლის მიხედვით, არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. 
 
მეორეს მხრივ, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო გეგმავს მოსამართლის დამოუკიდებლობის ზემოაღნიშნული გარანტიის კიდევ უფრო გაძლიერებას, კონკრეტულად კი ორგანული კანონში ჩანაწერის დამატებას, რომ არავის არა აქვს უფლება მიუთითოს მოსამართლეს, თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე. ამ ფონზე,  მონიტორინგის აღნიშნული სისტემის შექმნა თავად სახელმწიფოს პოლიტიკის თანმიმდევრულობასაც აყენებს ეჭვის ქვეშ. მართალია, მონიტორინგის განმახორციელებელი პირდაპირ არ მოსთხოვს მოსამართლეს ახსნა-განმარტებას ამა თუ იმ საქმეზე და არ მიუთითებს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ იმ პირობებში, როცა მოსამართლის თანამდებობაზე დარჩენა - არდარჩენის საკითხის პირდაპირ იქნება დაკავშირებული მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსობრივ მხარესთან, აღნიშნული მონიტორინგი ახსნა-განმარტების მოთხოვნის ტოლფას ეფექტს იქონიებს. ეს კი უარყოფითად აისახება მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე.
 
ამავე დროს, გვინდა ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ  ზოგადად მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტთან დაკავშირებით. როგორც ეუთო, ასევე ვენეციის კომისია იზიარებს იმ აზრს, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშვნამ შესაძლოა სეზიორული საფრთხე შეუქმნას მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. შესაბამისი რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ საქართველოს ჯერ კიდევ 2010 წელს მისცა.
 
მართალია, მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი მიზანი - უზრუნველყოს მოსამართლეთა კორპუსის სათანადო კვალიფიკაციითა და ეთიკური პრინციპების ერთგული კადრებით დაკომპლექტება - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შერჩეული მოსამართლეები უვადოდ დარჩებიან თანამდებობაზე. მიუხედავად ამისა, გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტი შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის, რომელთა იგნორირება გაუმართლებელი იქნებოდა. საქართველოში არსებული კონსტექსტის გათვალისწინებით კი, ეს რისკები კიდევ უფრო სერიოზულია, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პატივისცემის მყარი და მრავალწლოვანი ტრადიცია.        
ამიტომ, უპრიანია სახელმწიფომ, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობითა და ჩართულობით, უზრუნველყოს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც მინიმალურ რისკს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას და ამავე დროს - მიაღწევს იმ მაღალ მიზანს, რომელიც მართლმსაჯულების სამართლიანობასა და ეფექტიანობაში მდგომარეობს. შემოთავაზებული 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის დადგენას, კოალიციის აზრით, ამ ეტაპზე, აჯობებდა უვადოდ დანიშვნის კონსტიტუციური ნორმის ამოქმედების გადავადება.  
 
მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის სათანადო კვალიფიკაციის, გამოცდილების და მორალური თვისებების მქონე კადრებით დაკომპლექტება უზრუნველყოფილ უნდა იქნას მოსამართლეთა შერჩევის სისტემით, რომელიც იქნება გამჭვირვალე, ობიექტურ კრიტერიუმებსა  და დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე დაფუძნებული. ამავე დროს, სათანადო საფუძვლების არსებობისას, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები დასაშვებად მიიჩნევს მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას (მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით). სწორედ შერჩევისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენებით და კანონის უზენაესობის პრინციპების სრული დაცვით, უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის სათანადო კადრებით დაკომპლექტება და იმათი ჩამოცილება სისტემიდან, რომლებივ ვერ გაამართლებენ  შერჩევისას მათ მიმართ დამოხატულ ნდობას და არა იმგვარი მეთოდებით, რომელიც შეასუსტებს და რისკის ქვეშ დააყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას. 
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპზე სახელმწიფოს ყურადღება და რესურსები მიმართული უნდა იყოს მოსამართლეთა შერჩევა (დანიშვნის) და დისციპინური სამართალწარმოების საკანონმდებლო-ინსტიტუციონალური ბაზისა და პრაქტიკის გაუმჯობესებისა და სრულყოფისაკენ
 
აქვე ავღნიშნავთ, რომ კოალიცია ყურადღებით ადევნებს თვალს სასამართლო რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და წინადადებებს, და თავის წერილობით მოსაზრებებს მათთან დაკავშირებულ მნიშვენლოვან საკითხებზე ხელისუფლებასა და საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge