მიმოსვლის თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის დროს

2020 წლის 21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო, 1 თვის ვადით, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ, გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომლითაც განისაზღვრა იმ უფლებების ჩამონათვალი, რომელიც დეკრეტით შეიზღუდა. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შესაძლებელია მთელი რიგი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომაროების დროს გათვალისწინებული ყველა უფლების შეზღუდვა არ ხდება ავტომატურად. მნიშვნელოვანია, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვები ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და არ იწვევდეს უფლებებში არაპროპორციულ ჩარევას. კონკრეტული უფლებების შეზღუდვის და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის მეშვეობით, რომელიც ორგანული კანონის ძალის მქონეა. 

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1 - ით შეიზღუდა მიმოსვლის თავისუფლება:  კერძოდ, შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლება, დადგენილებებით:  

- დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;

- ასევე, გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისას განსხვავებულად მოაწესრიგოს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის საკითხი. 

- მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა. 

2020 წლის 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ, № 1 დეკრეტის საფუძველზე მიიღო დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. 

მთავრობის დადგენილება N181 დაწესდა მიმოსვლის თავისუფლების მიმართულებით შემდეგი სახის შეზღუდვები: 

- საგანგებო მდგომარეობის ვადით შეაჩერა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.

- ასევე, შეჩერდა პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. ეს აკრძალვა არ ვრცელდება კონკრეტული მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე (მაგ. მოქალაქეთა შემოყვანა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაყვანა, სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული და სხვა).

- საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ცენტრის საზღვრებში M2 (სამარშუტო ტაქსები) კატეგორიის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა.

საქართველოს მთავრობამ, 23 მარტს, მიიღო დადგენილება „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასატარებელი საკარანტინო ღონისძიებების შესახებ“, დადგენილება N 180-ით დაადგინა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. კერძოდ, შეზღუდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა. მუნიციპალიტეტში შესვლის შეზღუდვა არ ეხება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ/ფაქტობრივად მცხოვრებ პირებს.

დადგენილებით აიკრძალა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება:

- სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილებას;

- სურსათისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას;

- საქონლის შეძენის/მომსახურების მიღების/საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

მართალია, დეკრეტით შეზღუდვა არ შეეხო მედიას, თუმცა მთავრობის დადგენილება N 180-  ით ამ რეგულაციაში მოექცა მედიის და პრესის ნაწილი, ვინაიდან კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში შესვლა შეიზღუდა. ყველა სხვა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. სხვა ყველა მედიასაშუალება ინფორმაციას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge