მსმ-სათვის სისხლის დონორობაზე დადგენილი აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ არაკონსტიტუციურად სცნო

2019 წლის 17 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ კიდევ ერთხელ არაკონსტიტუციურად სცნო მსმ-ისათვის (მამაკაცი, რომელსაც სექსი აქვს სხვა მამაკაცთან)  დაწესებული არაგონივრული აკრძალვა, ყოფილიყო სისხლის დონორი. აღნიშნულ საქმეში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ თანასწორობის მოძრაობისა და საიას იურისტები. გასაჩივრებული ნორმა მსმ-ს ბოლო სქესობრივი აქტიდან 10 წლის განმავლობაში, უკრძალავდა, ყოფილიყო სისხლის დონორი. უფრო ადრე, 2014 წლის 4 თებერვლს, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუტიურად სცნო ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რაც ჰომოსექსუალ მამაკაცს სამუდამოდ უკრძალავდა ყოფილიყო სისხლის დონორი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის, გადაწყვეტილების შესრულება გამოიხატა იმაში, რომ მინისტრმა უვადო აკრძალვა შეცვალა სისხლის დონორობის 10 წლიანი აკრძალვით. 

ამჯერად, საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე მსმ-ისათვის დონორად ყოფნაზე დაწესებული 10 წლიანი აკრძალვა სცნო არაკონსტიტუციურად. ზოგადად, სარისკო სქესობრივი აქტიდან გარკვეული დროის განმავლობაში სისხლის დონორობის აკრძალვა ემსახურება ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას. საქმე იმაშია, რომ სქესობრივი აქტიდან გარკვეული დროის განმავლობაში, კლინიკური გამოკვლევებით ვერ დგინდება, არის თუ არა ადამიანი ინფიცირებული აივით (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი). ამ პერიოდს ეძახიან ე.წ „ფანჯრის პერიოდს,“ რაც არ გრძელდება ბოლო სარისკო სქესობრივი აქტიდან ერთ წლამდე მეტი ვადით. თანამედროვე სამედიცინო მეთოდებით შესაძლებელია აივ ინფექციის ერთ წელზე ადრე გამოვლენა. შეუძლებელია ადამიანი აივით იყოს ინფიცირებული და სამედიცინო გამოკვლევებით 10 წლის განმავლობაში ვერ მოხდეს მისი გამოვლენა. ამიტომ 10 წლის განმავლობაში მსმ-ისათვის ამ აკრძალვის  დაწესება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლების უფლების დარღვევად.

ამასთან საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაციაც. აივ ინფეციის გავრცელების საფრთხეს თანაბრად შესაძლოა ქმნიდეს ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელსაც დაუცველი სქესობრივი კავშირი ჰქონდა და ასევე ჰეტეროსექსუალი კაცი, რომელსაც აივ ვირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ჰეტეროსექსუალ მამაკაცს, რომელსაც აივ ვირუსის მატარებელ პირთან დაუცველი სექსოაბრივი კავშირი ჰქოდნა, 1 წლით ეკრძალება სისხლის დონორობა, ხოლო ჰომოსექსუალ მამაკაცს 10 წლით. ეს გარემოება კი მიუთითებდა ჰომოსექსუალი მამაკაცის საზიანოდ არათანაბარ მოპყრობაზე, რასაც არავითარი გამართლება არ ჰქონდა. 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ნეგატიური კანონმდებელი, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია მხოლოდ არსებული არაკონსტიტუციური რეგულაცია გააუქმოს. საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეუძლია თავად დააწესოს რაიმე შეზღუდვის ვადა. ეს არის პოზიტიური კანონმდებლის - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენცია. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრს მისცა ვადა 2020 წლის 31 მარტამდე, რათა მიიღოს ახალი ნორმატიული აქტი, რომლითაც მოხდება „ფანჯრის პერიოდის“ ახალი ვადების დაწესება. საიას მიაჩნია, რომ დაუშვებელია ეს ვადა იყოს დისკრიმინაციული - იმაზე ნაკლები, რაც ჰეტეროსექსუალ პირს დაუცველი სქესობრივი აქტის შემთხვევაში გააჩნია. ეს დროებითი აკრძალვის ვადა ჰეტეროსექსუალი ადამიანის შემთხვევაში არის ერთი წელი. 

საია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, ამჯერად მაინც, ჯეროვნად აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ დააწესოს არაგონივრულად ხანგრძლივი შეზღუდვის ვადები ჰომოსექსუალი მამაკაცის დონორობისათვის.  

 

ამ საქმეს საია USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge