ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

2008 წლის 7 იანვარს ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება (მათ შორის, დამატებითი სიებით მიცემული ხმების სწორად დათვლა) საარჩევნო პროცესის ისეთივე მნიშვნელოვანი ეტაპებია, როგორც წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნების დღე. შესაბამისად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდეს, რომ აღნიშნული პროცედურები – დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა, საჩივრების განხილვა და არჩევნების შედეგების შეჯამება – გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, 7 იანვრის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მასზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი მოვალეობების შესრულებას არასათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდა: დამატებითი სიებით მიცემული ხმების დათვლა და დაჯამება განხორციელდა ქაოტურად და კანონდარღვევებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პროცედურული უზუსტობების მიზეზით, უარი თქვა საჩივრების მნიშვნელოვნაი ნაწილის არსებით განხილვაზე და  საბოლოო ჯამში, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება მოხდა ისე, რომ არ იქნა გათვალისწინებული და გამოსწორებული სერიოზული ხარვეზები და გადაცდომები.

10 იანვარს "რუსთავი 2"-ის ეთერში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 5 იანვრის არჩევნები იყო "მაქსიმალურად დემოკრატიული, მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაქსიმალურად სამართლიანი". ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ შეფასებას არ ვეთანხმებით და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ არჩევნების საბოლოო შეფასება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განხორციელდა და მომავალში როგორ განხორციელდება არჩევნების დღის შემდეგი პროცედურები. გარდა ამისა, არც ერთ ქართულ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას არ უთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. შეფასებებში აღინიშნა: "არჩევნები მთლიანობაში შეესაბამება დემოკრატიული არჩევნების უმეტეს საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა გამოვლინდა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებზეც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს რეაგირება" (არჩევნებზე დამკვირვებელთა საერთაშორისო მისია – OSCE/ODIHR, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა); "არჩევნების მთავარი ასპექტები შეესაბამებოდა დემოკრატიულ პრინციპებს, თუმცა იყო ხარვეზები (NDI, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია); "დარღვევები ხმის მიცემის პროცესში არ იყო სისტემატური... დათვლის პროცესი იყო არჩევნების დღის ყველაზე უარყოფითი ნაწილი და შეიძლება არახელსაყრელი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე" (ENEMO - არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელი).

ეს შეფასებები გაკეთდა 6 და 7 იანვარს და ისინი ეხებოდა მხოლოდ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ პროცედურებს. არჩევნების საბოლოო შეფასება გაკეთდება საარჩევნო პროცესის დასრულების – არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, დაიცვან კანონის უზენაესობა და ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება.  დღეს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამის შემდეგ – სასამართლო სისტემას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge