საია მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა გაფიცვას და მათთვის ღირსეული სამუშაო პირობებისთვის რეალური რეფორმების დაწყებას

სახელმწიფოს ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია  სოციალურ მუშაობას, რომელიც გულისხმობს სამიზნე ჯგუფების ინდივიდუალური საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათთვის არსებული სოციალური მხარდაჭერის  პროგრამებისა და სერვისების სათანადოდ მიწოდებას. სამწუხარო რეალობაა, რომ წლებია, სოციალური დაცვის დაცვის მიმართულებით რეალური რეფორმები არ განხორციელებულა, შესაბამისად სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის ხარისხი და ეფექტურობა, დიდი ხნის მანძილზე, პრობლემად რჩება.

ძირითადი პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს სოციალური მუშაკები დგანან:

- სოციალური მუშაკების რაოდენობა - სოციალური მომსახურების სერვის ცენტრებში დასაქმებულია თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა, რის გამოც, სოციალური მუშაკები ვერ ახერხებენ ეფექტურად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა;

- სამუშაო გარემო და პირობები - სოციალური მომსახურების ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სოციალური მუშაკები არასათანადო პირობებში მუშაობენ. განსაკუთრებით პრობლემატურია ბენეფიციარებისთვის  ინდივიდულური გასაუბრების ოთახების არარსებობა, რაც განაპირობებს მათი პერსონალური ინფორმაციისა და კონფიდენციალობის დარღვევას. არსებული გარემო ღირსებისშემლახავია როგორც სოციალური მუშაკებისთვის, ასევე ბენეფიციარებისთვის.

- აუნაზღაურებელი ტრანსპორტირება - გასვლითი ვიზიტები არ ანაზღაურდება სახელმწიფო ან სხვა ბიუჯეტიდან, რის გამოც სოციალური მუშაკები ტრანსპორტირებისთვის პირად თანხებს ხარჯავენ.

- ფიზიკური უსაფრთხოება - სამუშაოს სპეფიციკიდან გამომდინარე, ხშირად, სოციალური მუშაკები დგანან ფიზიკური საფრთხის წინაშე. იმის მიუხედავად, რომ სოციალური მომსახურების ცენტრები საჯარო დაწესებულებაა, არ არსებობს მათი უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები.

სოციალური სამსახურის სისტემური პრობლემები და სოციალური მუშაკების საგანგაშო სამუშაო პირობები უარყოფითად მოქმედებს არამხოლოდ სოციალური მუშაკების უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეყანაში დაუცველი ჯგუფების მიერ სოციალური სერვისების სწრაფად და ხარისხიანად სარგებლობის მხრივ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია უერთდება სოციალური მუშაკების მოთხოვნებს და მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: 

- სამინისტროს ბაზაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაერთიანებულნი იქნებიან პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, პროფესიული თემი, სფეროს ექსპერტები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების პროცესში;

- გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა გაიაზრონ სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის მანდატი, სოციალური მუშაკების როლი ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში და შესაბამისად განისაზღვროს მათი პასუხისმგებლობები, შემუშავდეს და გაუმჯობესდეს სამუშაო ინსტრუმენტები, მეთოდები და მომსახურებები;

- მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში მომუშავე სოციალური მუშაკები უზრუნველყოფილნი იყვნენ პროფესიული გაძლიერების/მხარდაჭერისა და სუპერვიზიის გამართული მექანიზმებით;

- გაიმართოს ბავშვებთან მომუშავე უწყებების კოორდინაციის მექანიზმი ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიკაციის, რეაგირებისა და მონიტორინგის პროცესში;

- დაუყოვნებლივ გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა, განისაზღვროს მათი სამუშაო დატვირთვა და გაუმჯობესდეს მათი სამუშაო გარემო და პირობები.

 

რადიო თავისუფლების ფოტო

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge