საია-ს მორიგი წარმატებული საქმე - ზედაპირული შემოწმებისას პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად აღქმადი გარემოებებით

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა ვეგან-აქტივისტის, ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2016 წლის 5 ნოემბერს ზედაპირული დათვალიერების მიზნით გააჩერეს. ირაკლი კიკილაშვილი პოლიციელს სთხოვდა, განემარტათ ზედაპირული დათვალიერების საფუძველი, თუმცა პოლიციელები ამგვარ განმარტებებს არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით ირაკლი კიკილაშვილი დააკავეს და გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ირაკლი კიკილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 11 ნოემბერს განიხილა და საქმე შეწყვიტა სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო. სასამართლომ განმარტა, რომ ,,კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი [...] ზედაპირული დათვალიერების წინაპირობას წარმოადგენს ,,საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის”, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, გულისხმობს იმას, რომ პოლიციელი უნდა მოქმედებდეს ობიექტურად შეცნობადი და არა სუბიექტურად აღქმული გარემოებების მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სწორედ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი პოლიციელის მოთხოვნა, მის მიერ ჩატარებული ზედაპირული დათვალიერება იყოს კანონიერი.“

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,უნდა არსებობდეს ობიექტურად აღქმადი, იმგვარი გარემოება, რაც პოლიციის თანამშრომელს გაუჩენს ეჭვს, ვარაუდს, რომ არსებობს გარემოება, რაც აღჭურავს პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილებით, ზედაპირულად დაათვალიეროს პირი.“

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ არ დადასტურდა ობიექტურად აღქმადი გარემოების არსებობის ფაქტი, რომელიც გაუჩენდა პოლიციის თანამშრომელს ვარაუდის საფუძველს და რომელზე დაყრდნობითაც აუცილებელი და გამართლებული იქნებოდა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა, მისი ზედაპირული დათვალიერება. სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge