საიამ ყოფილი პატიმრების მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო ევროპულ სასამართლოს მიმართა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC)'' თანაშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ორი ყოფილი მსჯავრდებულის სახელით, მათ მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო მიმართა.
ყოფილი პატიმრები ზ. მ. და ა. ო. სასჯელს #18 და #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიდნენ. მსჯავრდებულები 2011-2012 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ციხის თანამშრომელთა მხრიდან, სასტიკ და ინტენსიურ ცემას დაექვემდებარნენ, რის შედეგადაც მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
ზ. მ.-ს ცემის ფაქტი უკავშირდება მის საჩივარს, რომლითაც მსჯავრდებულს იმ დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ჰქონდა მიმართული. იმის გამო რომ ის უარს ამბობდა საჩივრის გამოტანაზე, ციხის თანამშრომლები მას შხაპის მიღების, გასეირნების და მაღაზიით სარგებლობის უფლებას უზღუდავდნენ.
საქართველოს ციხეებში 2012 წლამდე მასობრივად ხორციელდებოდა პატიმართა მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. აღნიშნული ფაქტები ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2012 წლის 18 სექტემბერს ტელევიზიითა და ინტერნეტით გავრცელებული პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოების საშუალებით. ამ პერიოდში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამინური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია აისახა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ერთობლივ
ანალიტიკურ ანგარიშშიც.
2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატიმართა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ ზ. მ. და ა. ო. სისტემატურად მიმართავდნენ პროკურატურას ეფექტური გამოძიების ჩატარებისა და მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. თუმცა პროკურატურას დღემდე არ განუხორციელებია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უზრუნველყოფდა ეფექტური და დროული გამოძიების ჩატარებას. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოებს არ ჩაუტარებიათ ზ. მ.-ს და ა. ო.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის ექსპერტიზა, არ დაკითხულან ციხის თანამშრომლები, რომლებიც, მომჩივანთა განცხადებით, მათ ცემაში მონაწილეობდნენ. ასევე, მომჩივნებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, რის გამოც ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას ეფექტურად იყვნენ ჩართულნი გამოძიების პროცესში და მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია.
საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის უფლება) მუხლების საფუძველზე მიმართა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge