საიას სარჩელის საფუძველზე შსს-ს პერსონალური მონაცემების უვადოდ შენახვა აეკრძალა

2017 წლის 9 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნო შინაგან საქმეთა მინისტრის ის ბრძანება, რომელიც ამ უწყებას უფლებას აძლევდა უვადოდ შეენახა პერსონალური მონაცემი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ. თუ ადამიანმა უბილეთოდ იმგზავრა ტრანსპორტით, დაარღვია მოძრაობის წესები, პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, ჩაიდინა სხვა ადმინისტრაციული გადაცდომა და ამის გამო დაეკისრა ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა, ეს ინფორმაცია უვადოდ ინახებოდა შსს-ს ელექტრონულ ბაზაში, იმ შემთხვევაშიც კი თუ პირი გამართლდებოდა.

10-20 წლის წინ, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს რომ გადაეწყვიტა სამართალდამცავ ორგანოში მუშაობა, შსს პოტენციურ დამსაქმებელს მიაწვდიდა დასაქმების მსურველი პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციას, რაც, ბუნებრივია, გავლენას მოახდენდა კანდიდატის დასაქმების შესაძლებლობაზე. 

 შსს ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ მონაცემების შენახვას დაჯარიმებული პირის გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებდა. მონაცემები, შესაძლოა, შენახულიყო დაჯარიმებიდან 100 წლის შემდეგაც, როცა ამის არავითარი აუცილებლობა არ არსებობდა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად სცნო კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნული განვითარების უფლება) მიმართებაში, თუმცა ჩათვალა, რომ მონაცემების უვადო შენახვა არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს. ამის მიუხედავად, ძალადაკარგულია ნორმა, რაც შსს-ს უფლებას აძლევდა პერსონალური მონაცემი უვადოდ შეენახა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აეკრძალება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ მონაცემების სამუდამოდ შენახვა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge