საიას თებერვლის თვის წარმატებული საქმეები

1.    საიას დახმარებით დევნილმა მოქალაქემ აფხაზეთში არსებული ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დავა მოუგო

საიას თბილისის ოფისი იცავდა აფხაზეთიდან დევნილ ი.ქ.-ს ინტერესებს, რომელიც მოითხოვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) მოეხდინა აფხაზეთში იძულებით დატოვებული უძრავი ქონების მის სახელზე წინასწარი რეგისტრაციის უზრუნველყოფა საჯარო რეესტრში. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის ბრძანებულებით (#326) დამტკიცებული წესიდან.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს აღნიშნული უნდა უზრუნველეყო მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების რესტიტუციის საკითხებზე სამუშაო ჯგუფი“ (შემდგომში ,,სამუშაო ჯგუფი“) მიიღებდა წინადადებებსა და რეკომენდაციებს.

ი.ქ.-მ მიიჩნია რომ მისი უფლებები ირღვეოდა, ვინაიდან ქონების საჯარო რეესტრში წინასწარი რეგისტრაცია დამოკიდებული იყო სამუშაო ჯგუფის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე რაც დროში იწელებოდა და მის ინტერესებს ხელყოფდა.   

საიას დახმარებით ი.ქ.-მ მიმართა სასამართლოს, რომელმაც ამ საქმეზე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ  ,,საჯარო რეესტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის ინსტიტუტი სწორედ იმისთვის არის შექმნილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე კანონისმიერი დაცვის გარეშე არ დარჩეს დევნილთა საკუთრების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე და ამასთანავე, გარანტირებული იყოს დევნილთა საკუთრების უფლების საბოლოო რეგისტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველობის აღდგენის შემდეგ“. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლითაც სამინისტროს დაევალა ,,სამუშაო ჯგუფის“ მიერ წინადადებებისა და რეკომენდაციების მიღების შემდეგ მოეხდინა საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის გადაგზავნა, არ იყო დასაბუთებული და ვერ იქნა გამოკვეთილი ამ კომისიის საქმიანობის მიზნები და ფარგლები. ამასთან, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის აღსრულების გადადება ეწინააღმდეგებოდა კანონის უზენაესობის ძირითად პრინციპს, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეესრულებინა კანონის მოთხოვნა და მოეხდინა მისი აღსრულება. შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა ი.ქ.-ს მოთხოვნა და გააუქმა საქართველოს მთავრობის განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში.

 

2.    საიას დახმარებით ე.წ. ,,რეიდების“ დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდა

საიას თბილისის ოფისი იცავდა  სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების, ე.წ. ,,რეიდების” დროს თბილისში, 2016 წლის 19 თებერვალს დაკავებულ ერთ პირს. მისი დაკავება იმ დროს განხორციელდა, როდესაც იგი ცდილობდა მიმდინარე სპეციალური საპოლიციო ღონისძიების პროცესის ვიდეო გადაღებას.  მისი კლინიკური ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იგი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მიუხედავად ამისა, პოლიციამ სამართალდარღვევის ოქმი მაინც შეადგინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება)  და  173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის.

სასამართლო პროცესზე პოლიციამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს დაადასტურებდა. დადგინდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, არ ახდენდნენ საპოლიციო ღონისძიებების ვიდეო ჩაწერას და არც რაიმე სხვა მტკიცებულებით დასტურდებოდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

მტკიცებულებათა არ არსებობის გამო სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლთან მიმართებით კი  სასამართლო მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა და და იგი გაათავისუფლა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3. საიას დახმარებით ადმინისტრაციულ ორგანოებს მოქალაქის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საიას თბილისის ოფისი იცავდა ქ. თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირს, რომლის სახლიც ხანძრის შედეგად განადგურდა.  აღნიშნული მოვლენების შემდგომ, შეიქმნა თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიზნით საზოგადოებრივი კონტროლის კომისია. კომისია წლების განმავლობაში ეტაპობრივად ასრულებდა ვალდებულებას მოსარჩელის წინაშე, ხოლო 2011 წლის შემდეგ შეწყვიტა ზიანის ანაზღაურება. სწორედ აღნიშნულის გამო გახდა საჭირო სასამართლოში სარჩელის შეტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის მერიის მიერ ზარალის ოდენობის ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება.

 

4.    საიას დახმარებით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული რამდენიმე პირი თანამდებობაზე აღადგინეს

ა) საია-ს გორის ოფისი იცავდა ზ.ა-ს ინტერესებს, რომელიც დისციპლინური გადაცდომის საფუძველზე გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ის აღადგინეს თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეში საინტერესო იყო რომ 2014 წელს ადგილობრივ  თვითმმართველობაში განხორციელებული რეფორმის შედეგად გორის მუნიციპალიტეტი ორ მუნიციპალიტეტად დაიყო და შეიქმნა ორი თვითმმართველი ერთეული-ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია და თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების  აღსრულებაზე იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა ადრე არსებული თვითმმართველობის სამართალმემკვიდრეს. აღნიშნულის გამო ზ.ა.-ს სახელით კვლავ მიმართა საიას ადვოკატმა სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ.ა-ს სარჩელი და ძველი თვითმმართველობის სამართალმემკვიდრედ ცნობილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ამ გადაწყვეტილებით ზ.ა-ს მიეცა შესაძლებლობა აღსრულდეს გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება მისი თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

ბ) საიას ოზურგეთის ოფისი იცავდა მ.ა-ს ინტერესებს, რომელიც მუშაობდა ააიპ „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის“ დირექტორად და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს 2016 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ა. აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ იძულებით გამცდარი ხელფასის ანაზღაურება.  

5.    საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით დასაქმებულმა, რომელსაც ანაზღაურების გარეშე უწევდა დაკისრებული მოვალეობის შესრულება, შრომის ანაზღაურება მიიღო

საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა  მ.მ.-ს ინტერესებს, რომელმაც 2014  წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 23 ივნისამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სამსახურში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ვერ მიიღო შრომის  ანაზღაურება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა  შრომის ანაზღაურების გადახდაზე უარს აცხადებდა იმ მოტივით, რომ  მ.მ. სპეციალისტის მოვალეობას  ასრულდება თვითნებურად.

სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მხარეთა შორის შედგა მორიგება,  რის საფუძველზეც დასაქმებულმა მიიღო შრომის ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.

6.    საიას რუსთავის ოფისის დახმარებით მოძალადეს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება აეკრძალა

2016 წლის 23 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის რ.ბ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა რ.ბ-ს და მისი არასრულწლოვანი შვილის  მიმართ  მეუღლის ჯ.მ-ს მხრიდან ძალადობის ფაქტი.  საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯ.მ-ს აეკრძალა მსხვერპლთა მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა  6 თვის ვადით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge