სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარა დროულად უნდა აღიკვეთოს

სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა მის მიერ გამოხატული პროტესტის გამო ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის მხრიდან მუქარის სამიზნე გახდა. მის უფლებებს საია იცავს. 

14 მარტს, მარნეულში, ,,ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის - ,,კონსრვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა სამირა ბაირამოვამ არაძალადობრივი აქტით  - ოფისის ფასადზე უკრაინისა და ევროკავშირის დროშების დახატვით გააპროტესტა. ამით მან კრემლის იდეოლოგიის გამზიარებელი პარტიის საქართველოში ფუნქციონირების წინააღმდეგ საკუთარი დამოკიდებულება წარმოაჩინა. მის მიერ გამოხატულ პროტესტს ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი გზავნილები მოჰყვა, ხოლო 16 მარტს, რადიკალური ჯგუფის წევრებმა მარნეულში ვიდეო მიმართვა ჩაწერეს, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით მუქარას შეიცავს. ვიდეო მიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას, რელიგიური სიმბოლოს - ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. 

ამ დროისათვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა, ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა. 

საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:

- გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;

- გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;

- დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge