სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის კანონდარღვევები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი შეფასება

სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციის მხრიდან კანონდარღვევების შესახებ

18 აპრილს რუსთაველის გამზირზე სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის ქმედება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს:

- აქცია ატარებდა მშვიდობიან, საპროტესტო ხასიათს, რისი უფლებაც უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. აქციის მონაწილეებს არ გადაუკეტავთ რუსთაველის გამზირი. შესაბამისად, აქციის მიმდინარეობაში პოლიციის ჩარევა არ ეყრდნობოდა არავითარ სამართლებრივ საფუძველს და იყო უკანონო.

- მიუხედავად იმისა, რომ აქციის მახლობლად მყოფი პატრულის თანამშრომლების უმეტესი ნაწილი იქცეოდა კანონმორჩილად და არ არღვევდა აქციაში მონაწილეთა უფლებებს, რაც მისასალმებელია, პოლიციის თანამშრომელთა გარვეული ჯგუფი აშკარა უპატივცემლობას იჩენდა გამვლელ მოქალაქეთა მიმართ. ეს გამოიხატებოდა უცენზურო მიმართვებში, უხეშ ფიზიკურ კონტაქტში, ზოგიერთ შემთხვევაში კი, ძალის გამოყენებაშიც მანქანებში მყოფი მძღოლების მიმართ, რაც უხეშად ლახავდა მოქალექეების პატივსა და ღირსებას. ეს ფაქტები გადაიცა მასმედიის საშუალებებით. ვინაიდან ასეთი მოქცევა სრულიად გაუმართლებელია პოლიციის  წარმომადგენელთა მხრიდან და, ამასთან, ჩრდილს აყენებს პატრულისა და პოლიციის წარმომადგენელთა იმიჯს, მიგვაჩნია, რომ თავად შინაგან საქმეთა სამინისიტრო უნდა იყოს დაინტერესებული, დაუყოვნებლივ შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები – გამოავლინოს და უფლებამოსილების გადამეტებისათვის სისხლის სამართლებრივ ან დისციპლინურ პასუხისგებაში მისცეს კანონდამრღვევი პირები.

- სამწუხაროდ, აქციასთან მყოფ პოლიციელთა შორის კვალავ შეიმჩნეოდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მოქალაქეთა დაშლაში. საქართველოს პოლიციის შესახებ კანონის 28-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ატაროს კანონით დადგენილი ფორმის ტანსაცმელი და საკუთარი უფლებამოსილების დასადასტურებლად წარმოადგინოს პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი. სპეციალური ტანსაცმლით შეუმოსავ პირთა მონაწილეობა მსგავს ოპერაციებში კანონსაწინააღმდეგო და გაუმართლებელია და გამორიცხავს მათ მიმართ მოქალაქეთა მხრიდან დამორჩილების ვალდებულებას. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს სამინისტროს სახელით მოქმედება იმ პირთა მხრიდან, რომლებიც არ ატარებენ პოლიციელის ფორმას.

- მეტიც, მედიასაშუალებებით გადმოიცა შემთხვევები, როდესაც სწორედ სამოქალაქო ფორმაში მყოფი პოლიციელები აყენებდნენ შეურაცხყოფას აქციის მონაწილეებს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრინციპების შესაბამისად, სწორედ პოლიციაა ვალდებული, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება  გარეშე პირთაგან. შესაბამისად, პოლიციის წარმომადგენლებს თავად უნდა დაეცვათ აქციის მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება და აღეკვეთათ მსგავსი ქმედებები აქციის მონაწილეთა მიმართ. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის საქმიანობაში დანერგოს ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპები და მოადინოს ამ კუთხით პოლიციელების გათვითცნობიერება.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge