საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების წარმატებული საქმეები (ივლისი)

1. საიას ადვოკატის დახმარებით მოქალაქემ საკუთარი ქონება დაიკანონა

საიას დუშეთის ოფისს განცხადებით მიმართა დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში მცხოვრებმა ნ.ც.-მ, რომელიც ითხოვდა დახმარებას უძრავ ნივთზე (მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის. ნ.ც.-ს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლოდ  უთხრა უარი მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. მომმართველმა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა უძრავი ქონების  საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და ცნობა საკრებულოდან, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე მიწის ნაკვეთი  ნ.ც.-ს ჰქონდა კანონიერ სარგებლობაში.

საიას დუშეთის ოფისმა დაიცვა მოქალაქის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობაში. ადვოკატის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ დაკმაყოფილდა  და ქონება დუშეთის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებულ იქნა, როგორც ნ.ც.-ს საკუთრება. ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც თავის დროზე უარი ეთქვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საიას დუშეთის ოფისის უშუალო ჩარევის შემდეგ, დუშეთის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაითვალისწინა ნ.ც.-ს საქმის პრეცედენტი, ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის ადმინისტრაციულ საჩივარზე და ზემოაღნიშნულ მოქალაქეებს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება დაურეგისტრირა ისე, რომ მათ  აღარ დასჭირდათ ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.


2. მოქალაქე შსს-ს ძველი თბილისის I განყოფილების წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა მოქალაქე მ.ნ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ დასთან და უსინათლო მამასთან ერთად ცხოვრობს თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბინაში. ეს ბინა წარმოადგენდა მის საკუთრებას. მ.ნ.-ს სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სურდა ბინის იპოთეკით დატვირთვა და მიმართა ნოტარიუსს. მ.ნ-ს მოტყუებით ხელი მოაწერინეს იპოთეკის ხელშეკრულებასა და ორ ცარიელ ფურცელზე, რომელზეც ამობეჭდეს ნასყიდობის ხელშეკრულება. გაიფორმა თუ არა “შემძენმა” ბინა საჯარო რეესტრში, დაუყოვნებლივ მიყიდა სხვა პირს. ეს ყველაფერი მ.ნ.-მ  შემთხვევით გაიგო საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. გვიან  შეიტყო ისიც, რომ “ღვაწლმოსილ” თაღლითების ჯგუფთან ჰქონია საქმე, რომელთაც არაერთი ოჯახი გაუმწარებიათ და უსახლკაროდ დაუტოვებიათ.

2005 წლის 22 ივლისს, მ.ნ-ს განცხადების საფუძველზე დაიწყო წინასწარი გამოძიება. მთელი რიგი ინსტანციების მოვლის შემდეგ აღნიშნულ საქმეს ამჟამად იძიებს ფინანსური პოლიცია. თუმცა გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება.

ბინის დღევანდელმა მესაკუთრემ მიმართა შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებას და მოითხოვა მ.ნ.-სა და მასთან მცხოვრებ პირთა ბინიდან გამოსახლება.
ჩვენს მიერ თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილ იქნა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე, სასამართლომ განიხილა ჩვენი განცხადება და გამოიტანა განჩინება, რომლითაც პოლიციას აეკრძალა მ.ნ.-სა და მისი ოჯახის წევრების _ დისა და უსინათლო მამის ბინიდან გამოსახლება.


3. სასამართლომ მამას ალიმენტი დააკისრა

საიას იურიდიული დახმარების ცენტრს დახმარებისათვის მომართა მოქალაქე ნ.რ.-მ, რომელმაც განაცხადა,  რომ იგი, 2001 წლიდან, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება რ.რ.-სთან. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ე.რ. (ამჟამად 5 წლის).

ნ.რ.-ს განცხადებით, მას ბოლო დროს მეუღლესთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან რ.რ. არ ზრუნავს ბავშვზე. მან სახლიდან გაასახლა მეუღლე და საკუთარი შვილი. ნ.რ.-მ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან ითხოვა იურიდიული დახმარება განქორწინებისა და არასრულწლოვანი შვილისათვის ალიმენტის დაკისრების საქმეში.

ჩვენს მიერ მომზადებულ იქნა სარჩელი და წარდგენილ იქნა სასამართლოში. სასამართლოს 2007 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე. სასამართლომ ასევე მოახდინა მათი განქორწინებაც. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.


4. დავა ალიმენტისთვის მორიგებით დასრულდა

საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრს მომართა ლ.პ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოქალაქე ბ.გ.-სთან. მათ 1993 და 1998 წელს შეეძინათ ორი შვილი, რის შემდეგაც წყვილი დაცილდა ერთმანეთს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ.გ.-ს შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, რაც მის მიერ გასაჩივრებულ იქნა უზენაეს სასამართლოში და ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას.

ვინაიდან უზენაესი სასამართლო სავარაუდოდ გააუქმებდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას (ვინაიდან ბ.გ.-ს ალიმენტის გადახდა  დაეკისრა იმ შემოსავლიდანაც, რაც მას პარლამენტის რეგლამენტის თანახმად სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად აქვს გამოყოფილი), ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის ხელსაყრელი პირობებით მორიგებით დაგვესრულებინა საქმე. მშობელთა შორის დავის მორიგებით დასრულება პირველ რიგში ბავშვების ინტერესებისთვის იქნებოდა კარგი შედეგი.
მართლაც, მესამე სხდომაზე, საქმე მორიგებით დასრულდა. ბ.გ.-ს ალიმენტის სახით დაეკისრა შვილების სასარგებლოდ 450 ლარის ყოველთვიურად გადახდა.


5. მოქალაქემ მამის მემკვიდრეობა დაიკანონა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომართა მოქალაქე ბ.გ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ ირღვევა მისი კანონიერი უფლებები. კერძოდ, მამის გარდაცვალების მოწმობის და მშობლების ქორწინების მოწმობის არ არსებობის გამო არ დგინდება ნათესაური კავშირი მასსა და მშობლებს შორის, შესაბამისად ნოტარიუსი არ გასცემს სამკვიდრო მოწმობას. მის გამო მოქალაქე მემკვიდრეობით ვერ იღებს მამის ქონებას, რითაც ვერ ახორციელებს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

საქმესთან დაკავშირებით  განცხადებით მივმართეთ თბილისი საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2007 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. სასამართლომ დაადგინა ბ.გ.-ს მამის გარდაცვალების ფაქტი, ნათესაური კავშირისა და ქონების დაუფლების ფაქტები.

აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომში გახდება საფუძველი მომმართველის მიერ მამის ქონების მემკვიდრეობით მიღებისა.


6. უდანაშაულო მძღოლს მართვის მოწმობა დაუბრუნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისმა საადვოკატო მომსახურება გაუწია  მოქალაქე ტ.ბ.-ს, რომელიც რუსთავი-თბილისის გზაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მოწმედ დაიკითხა ჯერ რუსთავის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მიერ, ხოლო შემდეგ, თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ მოწმე იყო, მას ჩამოართვეს მართვის მოწმობა, როგორც ეჭვმიტანილს. რეალურად თბილისის მიმართულებით მოძრავი საპატრულო პოლიციის მანქანა შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ტაქსს, რომელსაც სწორედ ტ.ბ. მართავდა. ადგილზევე გარდაიცვალა საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მძღოლი და სამარშრუტო ტაქსის ერთი მგზავრი. გამოძიება იმდაგვარად მიდიოდა, რომ აშკარად ჩანდა ტ.ბ.-ს დადანაშაულების სურვილი.

ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ პროკურატურის გამომძიებელს შუამდგომლობით, დაებრუნებინათ მისთვის მართვის მოწმობა, რადგან ტ.ბ.-ს სტატუსი ჯერ არ იყო გარკვეული, ამასთან ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც მან კონკრეტულად დაასაბუთა თავისი ჩვენება. ამ ჩვენების საფუძველზე ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ გასცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ტ.ბ.-ს საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია და შესაბამისად მას ბრალი არ მიუძღოდა მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში.

2007 წლის 5 ივლისს ტ.ბ.-ს დაუბრუნეს მართვის მოწმობა და შესაბამისად მის მიმართ ყველანაირი პრეტენზია მოიხსნა, გამოძიება კი შეწყდა ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო, ვინაიდან ექსპერტიზამ დაადგინა რომ საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია მძღოლმა, რომელიც მართავდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანას.


7. ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  რუსთავის ოფისს მიმართა მოქალაქე მ.კ.-მ, რომელიც  1981 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ.კ.-სთან. მათ თანაცხოვრების დროს შეეძინათ სამი შვილი. აქედან  ერთ-ერთი, პ.კ. არასრულწლოვანია.   მ.კ.-ს სურდა სასამართლო წესით განქორწინება, რადგან ის ხშირად ყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ბოლოს იგი მეუღლემ მიატოვა და  არანაირ მზრუნველობას არ იჩენდა შვილების მიმართ. მოსარჩელე  ითხოვდა, რომ მეუღლეს დაკისრებოდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტი 75 ლარის ოდენობით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩლის მოთხოვნა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩლისა და მოპასუხეს განქორწინების შესახებ. ამასთან, ზ.კ.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 75 ლარის ოდენობით თავის არასრულწლოვანი შვილის, პ.კ.-ს სასარგებლოდ.


8. ტრეფიკიორს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ადვოკატებმა პროექტ “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგის” ფარგლებში საადვოკატო მომსახურება გაუწიეს რუსეთის მოქალაქეს დაზარალებულ ვ.ჩ.-ს, რომელსაც ექსპლუატაციას უწევდა საქართველოს მოქალაქე კ.გ.

კ.გ.-ს ბრალი ედება სსკ 1431 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულში (ადამიანის გადაბირება, გადაყვანა და მიღება ექსპლუატაციის მიზნით).

1998 წლიდან დაზარალებული ვ.ჩ. ჩამოიყვანეს საქართველოში, ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და მთელი ამ ხნის განმავლობაში მას ოჯახში შინამოსამსახურედ ამუშავებდნენ. დაზარალებული ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა და განიცდიდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით  დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შრომით ექსპლუატაციის ფაქტს.

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კ.გ. სსკ 1431  მუხლით და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და ექვსი თვის ვადით.

საიას ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა რის შემდეგაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენით ცვლილება შეიტანა სენაკის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 24 მაისის განაჩენში და კ.გ-ს თავისუფლების აღკვეთა რვა წლის ვადით გაუგრძელდა.


9. სასამართლომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქმარი მამად ცნო

2007 წლის 15 ივნისს საიას ქუთაისის ფილიალს იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით მიმართა მოქალაქე მ.მ.-მ, რომელმაც ითხოვა საადვოკატო მომსახურების გაწევა თერჯოლის რაიონული სასამართლოში საქმის წარმოების დროს. მ.მ. მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას. იგი 2002 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოქალაქე მ.გ.-სთან, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას თერჯოლის რაიონის სოფელ ნაგარევში. ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი. რადგანაც მ.მ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ.გ.-სთან, ბავშვს მიენიჭა დედის გვარი. ამჟამად მეუღლეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

იმის გამო, რომ შვილს არა აქვს მამის გვარი, ხოლო მამა თავს იკავებს ბავშვისათვის გვარის მიცემაზე და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს მის აღზრდაში, მომმართველმა ითხოვა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ცნობილ იქნეს მ.გ. საკუთარი შვილის მამად, ბავშვს მიეკუთვნოს მამის გვარი, და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის საფუძველზე მამას დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით.

თერჯოლას რაიონული სასამართლოს  გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩლის მოთხოვნები:
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად არასრულწლოვანი ბავშვის მამად ცნობილ იქნა მოპასუხე მ.გ.;
2. დაევალა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურს, რომ ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაეწეროს მამის გვარი;
3. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისრა მოპასუხე მ.გ.-ს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 100 ლარის ოდენობით, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
4. სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი 100 ლარის ოდენობით დაეკისრა მოპასუხეს მამუკა გაბრიაძეს.


10. მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის ვაუჩერით გასული წლისათვის განკუთვნილ თანხების ანაზღაურების პროცესი დაიწყო

საიას თელავის ოფისს დახმარებისათვის მიმართეს სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აბონენტებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ ცხოვრობენ თელავში და არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულნი. მათ 2006 წელს გადაეცათ ვაუჩერები მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციისათვის, რომელთა დარეგისტრირება თავის დროზე როგორც თავად აცხადებდნენ, მოხდა სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” თელავის სერვის ცენტრში.  თუმცა, სამწუხაროდ აღნიშნული შეღავათით მათ  ვერ შეძლეს ესარგებლათ.

მათივე განცხადებით, სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” აბონენტებს ჰპირდებოდა, რომ  კუთვნილი თანხების ანაზღაურება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოხდებოდა, ხოლო მიმდინარე  მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება თავად უნდა დაეფარათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებოდათ. როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლისათვის სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის მოხმარებისათვის საკომპენსაციო თანხები აღარ გამოიყოფა, დაზარალებულ მომხმარებელს კომპანია ვერ აძლევდა  დასაბუთებულ პასუხს, თუ რატომ არ მოხდა მათთვის თანხების ანაზღაურება.

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 10 ივნისის #261 განკარგულების თანახმად, მოხმარებულ ელექტროენერგიაზე მომატებული ღირებულების კომპენსაცია გათვალისწინებული იყო იმ ოჯახებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში  და მათი სარეიტინგო ქულა ნაკლები იყო 200 001-ზე. ამავე განკარგულების მე-3 მუხლის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა ვაუჩერების დაბეჭდვა და მისი კუთვნილებისამებრ გადაცემა მოსარგებლეთათვის. ენერგეტიკის სამინისტროს ასევე დაევალა განეხორციელებინა სადისტრიბუციო კომპანიებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის კომპენსაციის ღირებულების ყოველთვიური ანაზღაურება, სახელობითი დოკუმენტის  (ვაუჩერის), საფუძველზე, აღნიშნული კომპანიების  მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე. “სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების კომპენსაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ”  მთავრობის 2006 წლის 20 ივნისის #116 დადგენილების თანახმად ეთხოვათ ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს უზრუნველეყოთ აღნიშნული ოჯახებისათვის (აბონენტებისათვის) ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდება.

ვაუჩერი მოქმედებდა 2006 წლის 1 ივნისიდან 2007 წლის 1 იანვრამდე და დახმარების საერთო თანხა ერთ ოჯახზე შეადგენდა 33.60  ლარს.

მომმართველების ინტერესების დაცვის მიზნით საიას თელავის ოფისმა  აწარმოა კონსულტაციები, შეხვედრები სს “კახეთის დისტრიბუციის” წარმომადგენლებთან. არაერთხელ  წერილობით მიმართა როგორც სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციას”, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და საქართველოს სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს. სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:

1. ხდებოდა თუ არა  სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის~ მიერ თელავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი შემდეგი ოჯახების (აბონენტების) მიერ ყოველთვიურად ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის წარდგენა ენერგეტიკის სამინისტროში და შესაბამისად, ირიცხებოდა თუ არა  თანხები აღნიშნული აბონენტებისათვის (ინფორმაცია მოთხოვილ იქნა თვეების გაშიფრვით კონკრეტულ აბონენტებზე).

2. ენერგეტიკის სამინისტროს მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული თელავში მცხოვრები თითოეული ოჯახისათვის, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივი კომპენსაციის  დამადასტურებელი სახელობითი დოკუმენტის (ვაუჩერის)  გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
3. თელავის სოციალურად დაუცველი ოჯახების (აბონენტების) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ასანაზღაურებლად სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიერ სამინისტროში წარდგენილი    პერიოდული ანგარიშების  ასლები   2006 წლის 1 ივნისიდან დღემდე.
4. აღნიშნული ანგარიშების საფუძველზე ენერგეტიკის სამინისტროს მიერ თელავის სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ  მოხმარებული ელექტროენერგიის კომპანიისათვის ყოველთვიური ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.
5. თელავში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან  ბაზაში რეგისტირებული  ოჯახების (აბონენტების) რაოდენობა, ვინც უფლებამოსილი იყო მიეღო    ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივი კომპენსაციის დამადასტურებელი სახელობითი  დოკუმენტი (ვაუჩერი).
6. ინფორმაცია, თუ რა წესით განხორციელდა თელავის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის  ვაუჩერების გადაცემა  შეღავათებით მოსარგებლე აბონენტებისათვის.
7. რეალურად რამდენმა ოჯახმა მიიღო ვაუჩერი თელავში.
8. თელავის სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის  დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში (მიღება-ჩაბარების აქტები, სიები აბონენტთა ხელმოწერით  და სხვა).
9. 
თავდაპირველად სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია” გვპასუხობდა, რომ გარკვეული ვაუჩერების იდენტიფიცირება კომპანიის მონაცემთა ბაზაში არ მოხერხდა, ვინაიდან ვაუჩერების საშეღავათო თანხებზე შესაბამისი საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა თითოეულ აბონენტზე გადაგზავნილი შესაბამისი ინფორმაციის თანახმად,  რის საფუძველსაც წარმოადგენდა აბონენტის მიერ კომპანიაში წარმოდგენილი ვაუჩერი და შესაბამისი დოკუმენტაცია და  კომპანიისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა მიზეზების გამო  (მათ შორის აბონენტის მიერ ვაუჩერის დაგვიანებული წარმოდგენა ან/და რეგისტრაციისათვის საჭირო არასრული დოკუმენტაცია) შეუძლებელი გახდა შესაბამისი საშეღავათო თანხების მიზნობრივი  მიმართვა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, რის გამოც ვაუჩერების თანხები არ მოხვდა კომპანიის ანგარიშზე და შესაბამისად გარკვეულ მოქალაქეებს შეღავათებით არ უსარგებლიათ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიერ სამინისტროში წარდგენილი ერთიანი განაცხადები არ შეიცავდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა კონკრეტული აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა. ამიტომ დაწვრილებითი ინფორმაციის მოსაძიებლად მითითებული იყო   სს “კახეთის ენერგოდისტრიბუცია”.

რაც შეეხება სოციალური დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს, მათი პასუხის თანახმად, 2006 წლის დეკემბრის მდგომარეობით, თელავში მცხოვრებ, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში~ რეგისტრირებულ 6903 ოჯახს გადაეცა გაზრდილი ტარიფის ნაწილობრივი კომპენსაციის ვაუჩერი. ვაუჩერის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტები სააგენტოს არ წარმოუდგენია.

გარკვეული კონსულტაციების შედეგად, საბოლოოდ,  სს “კახეთის დისტრიბუციის” მიერ მომზადდა სპეციალური სია იმ აბონენტებისათვის, რომელთაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ვაუჩერით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხებით სარგებლობა, ხდება აღნიშნულ მოქალაქეთათვის კუთვნილი ძველი ვაუჩერების ხელახალი რეგისტრაცია და დღეისათვის კომპანიამ დაიწყო ვაუჩერით გასული წლისათვის განკუთვნილ თანხების მოსახლეობისათვის ანაზღაურება მიმდინარე დავალიანებაში მათი გაქვითვის გზით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge