საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალური განცხადება


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მოწოდებას რკინიგზისა და აეროპორტის სრული ბლოკირების შესახებ და გამოთქვამს შეშფოთებას, რომ აღნიშნული ქმედება შეიძლება გასცდეს კანონით დაშვებულ ფარგლებს.

საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას. კერძოდ, კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად, “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.”

მიუხედავად შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობისა დემოკრატიული და პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, იგი არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და სხვა, ლეგიტიმურ ინტერესებთან კონფლიქტის შემთხვევაში, შეიძლება შეიზღუდოს.

“შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, “აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება: ...რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებში, საავადმყოფოებში, დიპლომატიურ დაწესებულებებში და მათგან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე... დაუშვებელია ამ ობიექტების შესასვლელების სრული ბლოკირება.”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის უზენაესობა, იმოქმედონ მხოლოდ კანონის ფარგლებში და მის შესაბამისად.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge