საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაცია გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმის ფაქტებს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს უკანსაკნელი ორი დღის განმავლობაში მშვიდობიან მომიტინგეებზე გახშირებული თავდასხმებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაგმოს, აღკვეთოს და გამოიძიოს ძალადობის თითოეული ფაქტი.

პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, პოლიცია “უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან”. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად, პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა “უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება.”

ამ მხრივ განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დარბევის ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადებით, მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს მშვიდად ადევნებდა თვალს საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პასუხისმგებლობა დააკისროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც, 10 აპრილის 20:00 საათისთვის, მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ, არ დაიცვეს “ალიანსი საქართველოსთვის” რამდენიმე აქტივისტის უსაფრთხოება მაშინ, როდესაც მათ უცნობი პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველის აპარატთან ერთად აგრძელებს დემონსტრაციების მონიტორინგს და სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს ნებისმიერ პირს, რომელიც გახდება უფლებათა დარღვევის მსხვერპლი.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge