სასამართლომ სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ თანამშრომლის დისკრიმინაციული მოტივით გათავისუფლება დაადგინა

საია-ს თბილისის ოფისი იცავდა სსიპ - იუსტიციის სახლიდან გათავისუფლებული პირის ინტერესებს, რომლის სამსახურიდან გათავისუფლება გაქარწყლებული ნასამართლობის   საფუძვლით განხორციელდა. იუსტიციის სახლი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული პირის ზემდგომ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსის პირობებში  მითითებული იყო, რომ წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი არ წარმოადგენდა შემზღუდველ გარემოებას.

სასამართლომ სსიპ - იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად შეაფასა და განმარტა შემდეგი: ,,იმ პირობებში, როდესაც /მოსარჩელის/ წარსულში ნასამართლობა არ წარმოადგენდა დასაქმების შეზღუდვის ფორმალურ პირობას და ამასთან, /მის ზემდგომ პირს/ თანამდებობის დასაკავებლად არ ზღუდავს წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი, სსიპ იუსტიციის სახლის პოზიცია მასზედ, რომ /მოსარჩელის/ წარსულში ნასამართლობა წარმოადგენს იმ ობიექტურ გარემოებას, რაც ამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რა დროსაც ინდივიდებს თანაბრად და თანასწორად არ მიუწვდებათ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე.“

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დაინიშნა კონკურსის წესით, ხოლო კონკურსის დროს მოთხოვნილი არ იყო კონკურსანტების შეზღუდვა მისი ნასამართლობის გამო, ასევე არ იყო მოთხოვნა, რომ კონკურსანტს განეცხადებინა მისი ნასამართლობის შესახებ.

შესაბამისად, სასამართლოს გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტები და ბათილად ცნო გათავისუფლების შესახებ იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ მოპასუხე მხარეს ასევე დააკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის სახით ანგარიშსწორების დაყოვნების პროცენტის გადახდა.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge