სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასათანადო პირობებში მოთავსებისა და მკურნალობის გამო საქართველომ კიდევ ერთი საქმე წააგო

2020 წლის 14 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირველი და მესამე მომჩივნები არასათანადო პირობებში იყვნენ მოთავსებულები, ასევე, მათ არ ჩაუტარდათ სათანადო მკურნალობა, რაზეც საქართველოს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2006 წელს სამივე მომჩივნის (ამირან ქადაგიშვილი, მისი მეუღლე ნანა ქადაგიშვილი და შვილი არჩილ ქადაგიშვილი) მსჯავრდება მოხდა ფინანსური დანაშაულების, მათ შორის ფულის გათეთრებისთვის. დანაშაულების ჩადენა უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაფუძნებული „გამაბანკის“ საქმიანობას. ეროვნულმა სასამართლოებმა მათ სხვადასხვა პერიოდით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

2004 წლის ივლისში, დაკავების შემდეგ პირველი და მესამე მომჩივანი N5 დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2006 წლის დეკემბერს ორივე მათგანი N2 ციხეში გადაიყვანეს. N5 დაწესებულებაში მომჩივნები არასათანადო პირობებში იმყოფებოდნენ, კერძოდ, საკანში იყო სიბინძურე, რომელიც სავსე იყო ტილებით და სხვადასხვა მწერებით. მომჩივნებს შეეძლოთ მხოლოდ საკნის გარეთ არსებული ტუალეტით სარგებლობა, თუმცა, მხოლოდ დღეში სამჯერ, კონკრეტულად განსაზღვრულ დროს. საკანში არ იყო ვენტილაცია და სათანადო დღის განათება. მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. 

პირველი მომჩივანი დაავადებული იყო დიაბეტით და სხვა დაავადებებით, მესამე მომჩივანს კი თავის ტვინის სიმსივნე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ჰქონდა. აღნიშნული დაავადებების მკურნალობის მიზნით მომჩივნები სხვადასხვა პერიოდში N5 და N2 ციხის სამედიცინო ნაწილში ან სამედიცინო დაწესებულებაში იყვნენ მოთავსებულნი. 2007 წლის 22 აგვისტოს ევროპულმა სასამართლომ რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე სახელმწიფოს მომჩივნების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა და ორივე მომჩივნის მიმართ ჩატარებული მკურნალობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, საქართველომ სასამართლოს აცნობა, რომ N2 ციხეში პირველი მომჩივანი მოთავსებული იყო დროებითი ღონისძიების მოთხოვნის შესაბამისად, საიდანაც ცალკე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ არსებობდა, რადგან ამ ციხეში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პირობები იყო.  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2020 წლის 14 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით, N5 და N2 დაწესებულებებში მომჩივნების მიმართ ჩატარებული არასათანადო მკურნალობის გამო ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა სამედიცინო ჩანაწერები, რომელიც დაადასტურებდა, რა მკურნალობა უტარდებოდათ მომჩივნებს მაშინ, როდესაც ისინი N5 და N2 ციხეების ჩვეულებრივ საკნებში იმყოფებოდნენ. მომჩივნების დაავადებებს სიმპტომატურად ექცეოდა ყურადღება და სრული მდგომარეობის შეფასება არ ხორციელდებოდა. სათანადო დასკვნების არსებობის მიუხედავად, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მათი რეგულარულად მონახულება არ ხდებოდა. საჭიროების მიუხედავად მომჩივნებს არ მიეწოდებოდათ მათი მდგომარეობის შესაბამისი დიეტური საკვები. ევროპულმა სასამართლომ პირველი და მესამე მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა N5 ციხეში არსებული არასათანადო პირობების გამოც. 

პირველ მომჩივანთან მიმართებით, ევროპულმა სასამართლომ კონვენციის 34 მუხლის დარღვევაც (ინდივიდუალური საჩივარი) დაადგინა. სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის მიუხედავად სახელმწიფომ არ წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია. შესაბამისად, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეემოწმებინა სახელმწიფოს არგუმენტის სისწორე, რომლის თანახმად, მომჩივანი N2 ციხეში სათანადო მკურნალობას გადიოდა და არ იყო მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება. 

ამავე გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ არცერთ მომჩივანთან მიმართებით არ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა. მათ შორის, სასამართლომ არ გაითვალისწინა მომჩივნების არგუმენტი, რომ საპროცესო შეთანხმება ეროვნული კანონმდებლობის ნორმების დარღვევით გაფორმდა იმ ათ მოწმესთან, რომლებმაც მოგვიანებით მომჩივნების წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მომჩივნების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობოდა სხვა არაერთ მტკიცებულებას და ამ ათი მოწმის ჩვენება არ იყო გადამწყვეტი ბრალის დადასტურების ნაწილში. 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ კონკრეტული მტკიცებულების დაუშვებლობა სათანადოდ დასაბუთებული იყო და კონკრეტული მოწმეების დაკითხვაზე უარს  მთლიანი პროცესის სამართლიანობაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს ეტაპზე მომჩივანი მოთავსებული იყო შუშის ტიხრებიან „გალიაში“ (საბრალდებო სკამი), საქმეში არსებული გარემოებები არ ადასტურებდა, რომ ამ დროს მას ადვოკატთან კონფიდენციალურად საუბრის საშუალება შეეზღუდა. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი სხვა გადაწყვეტილებების მსგავსად, ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, არ არღვევდა სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებას. 

სასამართლომ არ გაითვალისწინა მომჩივნების არგუმენტი, რომ მათ ქონება სისხლისსამართლებრივი სანქციის რეტროაქტიული გამოყენების შედეგად ჩამოართვეს და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას სათანადო საფუძველი გააჩნდა იმ დროს მოქმედ კანონმდებლობაში. შესაბამისად, სასამართლომ კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და საკუთრების უფლების დარღვევა არ დაადგინა. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge