შეკრების თავისუფლება საგანგებო მდგომარეობის დროს

2020 წლის 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი N1 - ით შეიზღუდა შეკრების თავისუფლება, კერძოდ დეკრეტით განისაზღვრა, რომ იზღუდება ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში დეკრეტით არ არის განსაზღვრული შეკრებაში მონაწილე პირთა კონკრეტული რაოდენობა, შესაბამისად ყველა სახის შეკრება იზღუდება, მთავრობის დადგენილებით კი შესაძლებელია განისაზღვროს გამონაკლისი შემთხვევები. 

2020 წლის 23 მარტს, საქართველოს მთავრობამ, № 1 დეკრეტის საფუძველზე მიიღო დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“. 

მთავრობის დადგენილება N181 დაწესდა შეკრების თავისუფლების მიმართულებით შემდეგი სახის შეზღუდვები:

იკრძალება საჯარო სივრცეში   ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელ მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს, მათ შორის იკრძალება  10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, როგორიცაა ქელეხი, ქორწილი და სხვა. 

შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, საზოგადოებრივ  და სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. 

შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, საზოგადოებრივ  და სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. 

იმ კერძო დაწესებულებებს, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის პირობებში აუცილებელია 2 მეტრი სოციალური დისტანციის დაცვა და შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდა სასწავლო პროცესი. შესაძლებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს დაევალათ სასწავლო პროცესის განხორციელება დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. 

კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა, ყველა ტიპის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

იკრძალება ყველა ტიპის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში, გარდა დისტანციური ფორმისა. 

დეკრეტი ითვალისწინებს, საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისათვის შესაბამის სანქციებს, კერძოდ: ფიზიკური პირები, რომლებიც დაარღვევენ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს, დაჯარიმდებიან  3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდული პირები 15 000 ლარის ოდენობით. 

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge