წულუკიანის მიერ კულტურის სფეროში ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად გათავისუფლებულთა ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED დაიცავს

ფოტო: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო, რამაც საბოლოოდ საკადრო წმენდის სახე მიიღო. ამ ეტაპზე ჯამში 70-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, ხოლო ათობით გამორჩეული თანამშრომელი გათავისუფლების შიშის ქვეშ აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა პოზიციებზე ამავე სისტემაში. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ, იმ საფუძვლით,  რომ დასაქმებულთა მხრიდან ახალი მინისტრის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიული  და  განსხვავებული პოზიციების  დაფიქსირებას, შედეგად, დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლება მოჰყვა. 

გათავისუფლებულები ხაზს უსვამენ, რომ ძირითადი საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც „მუზეუმის“ დირექტორად, უსამართლოდ დაინიშნა ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი - იურისტი, რომელიც მანამდე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა. ისინი ასევე გამოთქვამენ პროტესტს იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად, ამ პოზიციისთვის სათანადო კვალიფიკაციის არმქონე კადრი, იურისტი ლევან ხიზანიშვილი შეირჩა, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ აზნაურაშვილი, დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ახალი ხელმძღვანელების მოსვლის შემდეგ მუზეუმსა და სააგენტოში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. გათავისუფლებულთა განცხადებით, აღნიშნული დაწესებულებების რეორგანიზაცია უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ წარიმართა. Სააგენტოს შემთხვევაში გასაუბრების პროცესებს არ ესწრებოდნენ დარგის პროფესიონალები და მათ ნაცვლად კომისიაში მოწვეული ექსპერტების რანგით მონაწილეობდნენ ნიკოლოზ აზნაურაშვილი და სააგენტოს შტატგარეშე თანამშრომელი ვლადიმერ გაბოძე - რომლებიც თანამდებობრივი ცენზით ამ პოზიციისთვის შეუსაბამო და არასათანადო განათლების მქონე პირებს წარმოადგენენ. ნიშანდობლივია, რომ არაერთი თანაშრომლისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა მონაწილეობა აღნიშნული შემადგენლობის კომისიის მიერ ჩატარებულ კონკურსებში.

გათავისუფლებულთა მოსაზრებით, მუზეუმიდან მათი დათხოვნის ერთადერთი მიზეზი კულტურის სამინისტროში ახალი მინისტრის და მის მიერ ამ დაწესებულებებში განახლებული ადმინისტრაციების საკადრო პოლიტიკაა, რომელიც რეორგანიზაციას აწარმოებს არა კვალიფიკაციის შეფასების ნიშნით, არამედ, მხოლოდ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ მინისტრ წულუკიანის პოლიტიკის მიმართ წინააღმდეგობა პირველად ეროვნული მუზემის დონეზე გაჩნდა იმ ხალხს შორის, რომელიც სოლიდარული იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის იდეისა და ხელს აწერდა საინიციატივო ჯგუფის ,,ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ შედგენილ საპროტესტო პეტიციას - ისტორიული შენობის გადარჩენის, უსამართლო საკადრო პოლიტიკის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ. დღეს პეტიციის თითქმის ყველა ხელმომწერი გათავისუფლებულია როგორც მუზეუმიდან, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტოდან.

ხაზი უნდა გაესვას ახალი მინისტრის ხელთ არსებულ იმ მანიპულაციურ ბერკეტებსაც, რომლის საშუალებითაც ის გათავისუფლებულ თუ ჩამოქვეითებულ თანამშრომლეთა დაშინებას ცდილობს, რათა მათ თავი შეიკავონ სასამართლო დავებისგან. მაგალითად, დაქვეითებულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა მხრიდან ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი, რომელიც პოზიციურ დაქვეითებას (უკანონო გადანიშვნის ფაქტს) ასაჩივრებდა, მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

დამატებით,  22 იანვარს მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის  სატელევიზიო ინტერვიუში დათხოვნილ პირთა  მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებიც გააჟღერა, რაც ჩვენი შეფასებით, გულისხმობდა მუქარას საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, თუ გათავისუფლებულები სამართლებრივ გზებს მიმართავდნენ. Მინისტრის საპასუხოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში კი განმარტებულია, რომ მინისტრის მიერ დასახელებული ფაქტები ან არ უკავშირდებოდა მინისტრის მიერ ხსენებული, კონკრეტული თანამშრომლის სამსახურებრივ ფუნქციებს, ან არ არის მათ მუშაობასა თუ ბრალეულობასთან რაიმე შემხებლობაში. Მაგალითად, Მინისტრის მხრიდან Მუზეუმის თანამშრომლების მიმართ გაჟღერდა ბრალდება იმ ექსპონატებთან დაკავშირებით, რომლებიც 1950-იან - 1990-იან წლებში მუზეუმიდან სხვადასხვა ორგანიზაციას გადაეცა და ეს ამ პირთა თანამდებობაზე დანიშნვის დროს უკვე ფაქტობრივ მოცემულობას წარმოდგენდა. ასევე, მინისტრმა  გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვასთან დაკავშირებული საინჟინრო-ტექნოლოგიური პრობლემა უსამართლოდ დაუკავშირა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის, ბატონი გიორგი გაგოშიძის, თანამდებობას. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გათავისუფლებული არიან სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა. 

Სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გააგრძელებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი სარჩელების მომზადებას. მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge