სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა

2018-08-10 11:59
Featured image

2018 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. საქმე, ბოლო წლებში, ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებიდან ერთ-ერთია. საია და EHRAC სასამართლოში ამტკიცებენ, რომ ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა არის ფემიციდის ფორმა და სახელმწიფოს ეკისრება მისი პრევენციისა და გენდერული ხედვით გამოძიების ვალდებულება.

გარდაცვალებამდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლს 16-ჯერ ჰქონდა პოლიციისთვის მიმართული და ითხოვდა მეუღლისგან/ყოფილი მეუღლისგან დაცვას. თუმცა, სახელწიფო ორგანოებმა მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს. საბოლოოდ ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს და მას სხეულზე ყოფილი მეუღლის მიერ მცირე ხნით ადრე მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა. მოძალადეს მსჯავრი დაედო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით (სსკ მუხლი 115).

ევროპულ სასამართლოში საია და EHRAC ამტკიცებენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევას:

- სახელმწიფომ ვერ მოახდინა ქალის გარდაცვალების პრევენცია მიუხედავად მსხვერპლის მიერ პოლიციისთვის 16 მიმართვისა;

- სახელმწიფომ ვერ დაიცვა ქალი განგრძობადი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან მეუღლის/ყოფილი მეუღლის მხრიდან;

- სახელმწიფომ არ გამოიძია თვითმკვლელობამდე მიყვანა ფემიციდის თვალთახედვით, დანაშაულის გამოძიებისა და დასჯის პროცესში არ გაითვალისწინა გენდერულად სენსიტიური მიდგომები და საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებები. 

გენდერული ძალადობის საკითხზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირება და პრევენცია წარმოადგენს ქალის დისკრიმინაციის ფორმას. საქმე მიუთითებს ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტური იმპლემენტაციის აუცილებლობაზე არსებითი თანასწორობის მისაღწევად.