სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ საიას კვლევა გამოიცა

2021-06-23 13:01
Featured image

საია საზოგადოებას კიდევ ერთი ანგარიში  - „მთავრობა ორდინარულ და საგანგებო მდგომარეობაში - გაუმჭვირვალობა, მოუმზადებლობა და რეცეპტები“ წარუდგინა. 

კვლევა შეისწავლის მთავრობის საქმიანობას 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს; საია დაინტერესდა, იცავდა თუ არა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და, გადაწყვეტილებათა მიღების დაჩქარებული წესის მიუხედავად, რამდენად შეძლო მან ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა თუ უკუკავშირის უზრუნველყოფა. 

ანგარიში შედგება ორი ნაწილისგან. პირველი ნაწილი აღწერს მთავრობის საქმიანობას ორდინარულ ვითარებაში. ავტორებმა შეისწავლეს კაბინეტის, პრემიერის, მინისტრების და სპეციალური ორგანოების სტატუსი, უფლებამოსილებები და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე მათი ურთიერთდამოკიდებულება როგორც ნორმატიული ჩარჩოს, ისე de facto სურათის გათვალისწინებით. დოკუმენტის მეორე, და მთავარ ნაწილში შეფასებულია კაბინეტის საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის 2 თვიან პერიოდში. აქვე განხილულია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე გავლილი გზა, წინაპირობები, სხვადასხვა სამთავრობო აქტორის, მათ შორის, უწყებათაშორისი საბჭოსა და ოპერაციული შტაბის საქმიანობა. კვლევის ორივე ნაწილის ერთიანი ანალიზის შედეგად იკვეთება მოდელი, რომლითაც საქართველო სარგებლობს როგორც ორდინარული, ისე საგანგებო მდგომარეობის დროს, ასევე, ტრანსფორმაცია ერთიდან მეორეზე.

დოკუმენტზე მუშაობისას გამოიკვეთა ხარვეზები არა მხოლოდ მთავრობის ფუნქციონირების ოპერაციულ, არამედ ნორმატიულ დონეზეც. როგორც აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა. 

საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა. მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული.

დოკუმენტში ხარვეზების იდენტიფიცირების პარალელურად, შემოთავაზებულია რეკომენდაციები და საქმიანობის გაუმჯობესების გზები, მათ შორის, შესწავლილი 9 სახელმწიფოს გამოცდილებასა და კარგ პრაქტიკაზე დაყრდნობით.

 

კვლევა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით. მასში გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

 

იხილეთ კვლევა