სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ერთ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

2017-10-26 11:01
Featured image

საია სამი პირის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.

საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. იერსახის ლეგიტიმური მიზნის დასაცავად სადავო ნორმა ითვალისწინებს აკრძალვას ბანერის და ლოზუნგის განთავსებისათვის კერძო საკუთრებაზე, მიუხედავად მესაკუთრის თანხმობისა. ამგვარი აკრძალვა კონსტიტუციურად გაუმართლებელია. აკრძალვა ასევე კონსტიტუციურად გაუმართლებელია მაშინ, როცა პარლამენტის და საკრებულოს წევრს ან ფრაქციას, ასევე საჯარო მოხელეთა პროფკავშირს უკრძალავს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან საჯარო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე ბანერის გამოფენას.

საია-ს შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი და მისი პრაქტიკაში გამოვლენილი ინტერპრეტაციები პოლიციის ხელში არსებულ რეპრესიულ მექანიზმად იქცა, რომელიც ხელისუფლებისთვის არასასურველი შინაარსის გამოხატვის ფორმების ,,იერსახის დამახინჯებად“ დაკვალიფიცირებისა და აქტივისტების დასჯის შესაძლებლობას იძლევა.

საია მიიჩნევს, რომ დღეისათვის საქართველოში მოქმედი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებული ფორმით მოქმედება იწვევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას. ამიტომ, აუცილებელია დროულად დაიწყოს ადმინისტრაციცულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა.