სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-მ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის მონიტორინგის პრეზენტაცია მოაწყო

2006-12-18 20:00
Featured image

19 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის მონიტორინგის პრეზენტაცია მოაწყო.

შეხვედრაზე მედიასა და საზოგადეობას მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიმართულებების დასაფინანსებლად და რამდენად მიზნობრივად იყენებს საქართველოს მთავრობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისაგან მიღებულ 40 მილიონიან გრანტს.

პრეზენტაციის შემდეგ მრგვალი მაგიდის გარშემო გაიმართა დისკუსია, რომელშიც საია-სთან ერთად მონაწილეობა ფინანსთა სამინისტროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2006 წლიდან ახორციელებს პროექტს: “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა”.

2004 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიას" შორის გაფორმდა ხელშეკრულება საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ. აღნიშნული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია საქართველოს მთავრობას გამოუყოფს 40 მილიონი აშშ დოლარის საერთო ოდენობის გრანტებს 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, განსაზღვრულია საგრანტო თანხების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებები.

პრეზენტაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.