სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-მ საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შემზღუდველი ნორმა გაასაჩივრა

2020-04-14 10:58
Featured image

13 აპრილს, საია-მ და მისმა თავმჯდომარემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს მთავრობის ის დადგენილება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შეიზღუდა.

საია სადავოდ ხდის ,,საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 არტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს, რომლის თანახმად, ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ (შემდგომში – კოდექსი) გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებები (რომელთა მიმდინარეობისას კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ვერ ჩატარდა/ჩატარდება ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით) უნდა განხორციელდეს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე. ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოების მონაწილეობა და მის მიერ მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა შესაძლებელია წერილობით ან/და  ელექტრონული საშუალებით, კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია  გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით. კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია 29-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვა. ამდენად, საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა უფლება, დადგენილებით (რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის არ წარმოადგენს ,,კანონს“) შეეზღუდა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა. 

შესაბამისად, საია საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს, რომ გასაჩივრებული ნორმა ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვის ფორმალურ კრიტერიუმებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. საია ასევე ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ დაჩქარებული წესით იმსჯელოს აღნიშნული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და არსებითი განხილვის საკითხზე.