სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია მოუწოდებს დეპუტატებს მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას

2019-11-13 14:02
Featured image

2019 წლის 24 ივნისს, მმათველი პარტიის თავმჯდომარემ, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კონსტიტუციური ცვლილებები და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით (ბუნებრივი ბარიერის პირობებში) ჩატარების პირობა დადო. საია მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდა ხელისუფლებას განუხრელად დაეცვა იგი.

საერთო სახალხო განხილვებისა და ფართო დისკუსიის შემდეგ, გუშინ საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო და ამ დრომდე აგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით ცვლილებებს მხარს უჭერდა ყველა პოლიტიკური ჯგუფი. თუმცა პროცესმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდში არსებობს კრიტიკული მასა დეპუტატებისა, რომელიც ემხრობიან მაჟორიტარულ კომპონენტს და მზად არიან საფრთხე შეუქმნან რეფორმას.

საია თვლის რა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, ყურადღებით აკვირდებოდა და აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რასაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციური კანონის პროექტს.