სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებებს აქვეყნებს

2021-06-08 18:32
Featured image

საიამ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დასკვნა წარადგინა. ორგანიზაცია მიესალმება საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის დიდი ნაწილის ასახვას. მოხარული ვართ, რომ დოკუმენტში საიას მოსაზრებების ნაწილიც აისახა. 

ამავდროულად, საიას კანონპროექტის მიმართ შენიშვნები გააჩნია:

საოლქო კომისიების დაკომპლექტება. საიას ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „შარლ მიშელის“ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიაში პროფესიული წევრების ასარჩევად ცესკოს 2/3 უნდა განისაზღვროს. ამის საპირისპიროდ კანონპროექტი პირველი წარუმატებელი კენჭიყრის შემდეს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმის აბსოლუტურ უმრავლესობამდე შემცირებას ითვალისწინებს. რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საოლქო კომისიების კონსენსუსზე დაფუძნებული დაკომპლექტების პრინციპს.

ამომრჩევლის ნების კონტროლი. შემოთავაზებული ცვლილებით, მკაცრდება ამომრჩევლის კონტროლის რეგულაციები და იკრძალება კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება და კენჭისყრის დღეს ამავე დისტანციაზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა. საია მიიჩნევს, რომ ამ აკრძალვებს ეფექტიანობისთვის უნდა დაემატოს ამავე რადიუსში ნებისმიერი არაუფლებამოსილი პირის ყოფნა.

ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემა. საკრებულოების დაკომპლექტების შერეული საარჩევნო სისტემის პარალელური მოდელი ვერ უზრუნველყოფს ამომრჩევლის განწყობის წარმომადგენლობით ორგანოში სათანადოდ ასახვას და იწვევს არაპროპორციულ წარმომადგენლობას. ამიტომ საიას აზრით, შემოთავაზებული ვარიანტი უნდა შეიცვალოს დამოკიდებული მოდელით. ამ სისტემის შემთხვევაში სხვადასხვა პრინციპით მიღებული შედეგები ერთმანეთზე ახდენს გავლენას და მის პროპორციულობას უზრუნველყოფს.

საარჩევნო დავების გასაჩივრების ვადები. საია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული ვადები გასაჩივრების ნაწილში მცირეა და უნდა გაიზარდოს.

სავალდებულო გადათვლა. საია მიიჩნევს, რომ საუბნო კომისია ვალდებული უნდა იყოს გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაშიც, როცა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება დისბალანსი.

უფრო დეტალურად, ეს და სხვა რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ დასკვნაში.